დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია – 2023 წელს 1 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე წელს, 4 თვეში თითქმის 124 000 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი 75%-ით გაიზარდა.
“სააგენტო განაგრძობს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა გურიაში, ასევე დაწყებულია რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების მიმართულებით აქტიური სამუშაოები სააგენტოსა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა დაიწყება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნის მიმართულებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური გაფართოება იქნება დაცული ტერიტორიების ისტორიაში.
დღეისათვის ქვეყანაში 100 დაცული ტერიტორიაა და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1 % შეადგენს. ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის მქონე ვიზიტორზე მორგებული სერვისები და შემეცნებით-გასართობი ატრაქციებია დანერგილი. ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ისიამოვნონ ზიპ-ლაინით, თოკების პარკით, ბაიკ-ლაინით; საქანელათი; კოლხეთის ეროვნულ პარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობას წარმოადგენს, შესაძლებელია გაისეირნოთ კაიაკით, პონტონით ან ნავით. ლაშქრობის მოყვარულებს, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ხვდებათ მარკირებული, კეთილმოწყობილი ბილიკები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (კოტეჯები, საცეცხლურები, საკარვე ადგილები)“, – აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
“მიმდინარე ეტაპზე კახეთის რეგიონში, აჭარის რეგიონში, სამეგრელოს რეგიონში, იმერეთში სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობა. ასევე, დაცულ ტერიტორიებზე ბილიკების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უსაფრთხოდ გადაადგილება.
მიმდინარე წელს, ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: ბორჯომ-ხარაგაულის, კინტრიში-მტირალას დამაკავშირებელი, ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, თბილისის, თუშეთი-ფშავ- ხევსურეთი-ყაზბეგის დამაკავშირებელი ბილიკების ქსელი. აღსანიშნავია მასშტაბური პროექტი, რომელიც თბილისის ეროვნულ პარკში მიმდინარეობს, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე შშმ პირებზე ადაპტირებული ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასრულდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მუდმივად მზარდია, რაც განპირობებულია დაცულ ტერიტორიებზე როგორც ქართველი ისე უცხოელი ვიზიტორების ზრდით.
“ბიზნესის წარმომადგენლებს უჩნდებათ სურვილი სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე დანერგონ და შესთავაზონ ვიზიტორებს სერვისები. რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც ერთ-ერთი სარგებელია, რომელსაც დაცული ტერიტორიის შექმნით ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული აღნიშნული პროექტები, ქმედებები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, კი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონების ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც, საბოლოოდ პოზიტიურად ისახება რეგიონის გარემოზე – იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ცხოვრების პირობები და დონე“, – აღნიშნავენ სააგენტოში.