ღვარძელაშვილის მარანი ტურისტების ზრდას ვარაუდობს

gvardzelashvilis marani

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში მდებარე ტურისტული ობიექტის “ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ვარაუდობს. ტურისტული ობიექტი ამავე სახელწოდების ღვინის მარნის ბაზაზე 2022 წელს დაფუძნდა.

როგორც გიორგი ღვარძელაშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გასულ წელს  კომპანიამ 3400-მდე ვიზიტორი მიიღო და წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5000-მდე გაიზრდება. ამის პირობას კი ტურისტულ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა იძლევა, რაც თავის მხრივ ღვინის წარმოების  ტრადიციას და ბიომეღვინეობის მიმართ გაზრდილ ინტერესს უკავშირდება.

გიორგი ღვარძელაშვილის განმარტებით, ტურისტული ობიექტი სადეგუსტაციო სივრცეს, მარანს და ვენახს აერთიანებს. იგეგმებოდა სასტუმროს მშენებლობა, თუმცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო პროექტი ვერ განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, აქამდე კომპანიას ყველა პროექტი ( ღვინის წარმოება და სადეგუსტაციო სივრცე) საკუთარი ხარჯით აქვს განხორციელებული, რომლის ჯამური მოცულობა 250 000 ლარს შეადგენს.

2025 წლისთვის “ღვარძელაშვილის მარანი“  4 კოტეჯის გახსნას გეგმავს, რაც ტურისტული ობიექტის ვიზიტორებს განთავსების პრობლემას მოუგვარებს. როგორც ღვარძელაშვილი აცხადებს, პროექტი სავარაუდოდ რომელიმე სახელმწიფო პროექტით განხორციელდება. მისივე ინფორმაციით,  არ არის გამორიცხული, ეს იყოს სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დაფინანსებით კომპანიას აქამდე არ უსარგებლია.

გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ხარჯის ნაწილი დათვლილია და თითო კოტეჯის მშენებლობას დაახლოებით 40 000 ლარი დასჭირდება. 

“ტურისტულ ობიექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დავიწყეთ. ვმასპინძლობთ ტურებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციას, ვაცნობთ ტრადიციული მეღვინეობის ტექნოლოგიას, რაც ფაქტობრივად ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ტურების დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებიდანაა. გასულ წელს მარტო გერმაბიიდან 1200 ადამიანს ვუმასპინძლეთ და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წელს მინიმუმ, 5000 ვიზიტორის მიღებას ვგეგმავთ“, – აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

ცნობისთვის, „ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის.

თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს – საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები