კახეთში მდებარე ბიო-ორგანული მეღვინეობა “ფაფრის ველი” საექსპორტო არეალს აფართოებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ქურდაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, “ფაფრის ველის” ღვინოები და ჭაჭა ევროპისა და აზიის კონტინენტზე – 20-მდე ქვეყანაში გადის. ამ ეტაპზე კი იგეგმება ექსპორტი კანადაში, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ქურდაძის ინფორმაციით, ბიოღვინო სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან მასიური წარმოება არ არის, შედარებით ნაკლები რაოდენობით იწარმოება, თუმცა მაღალი ხარისხი განვითარებული ქვეყნების ბაზარზე გზას გასვლას უადვილებს.
“ფაფრის ველის“ ბრენდით 5 დასახელების ღვინო და ჭაჭა იწარმოება. ქურდაძის ინფორმაციით, კომპანიას სწორება ძირითადად ევროპაზე აქვს, თუმცა წელს როგორი პერსპექტივა ექნება ექსპორტს, დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესები რა შედეგით დასრულდება და რა მიღწევა ექნება ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
„ფაფრის ველის“ წლიური წარმადობა 30 ათასი ბოთლია, რომელიც ექსპორტზე იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, სინგაპურში, აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადის.
როგორც შალვა ქურდაძე აღნიშნავს, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ორგანული ბიომეურნეობა.
რაც შეეხება პრემიუმ ხარისხის ღვინის პოტენციალს უცხოურ ბაზრებზე, შალვა ქურდაძის ინფორმაციით, თუკი საქართველოს ამ სეგმენტში სურს თავის დამკვიდრება, ქვევრის ღვინის შესაძლებლობა განსაკუთრებით დიდია, რაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
‘’ჩვენ არ ვართ დიდი წარმოება, თუმცა ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე დავიმკვიდროთ ნიშა, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ვახერხებთ. გლობალურ ბაზრებზე აქტიურად ვყიდით ღვინოს, პრინციპულად ვთქვით უარი რუსეთზე და ასეც გავაგრძელებთ. წელს პირველი პარტია გავაგზავნეთ ავსტრიაში და ვემზადებით კანადაში ექსპორტისთვის, რაც ახალი ბაზრებია. ჩვენი ღვინო გადის ბიო ლოგოთი, რაც ყველა ბაზარზე გვიხსნის გზას, ორგანული პროდუქტის მიმართ მოთხოვნა მზარდია. სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი ამ ეტაპზე მიჭირს, არც კონკრეტულ პროექტზე ვიმუშავებთ, სანამ მიმდინარე პროცესები არ ჩაწყნარდება და საბოლოოდ არ გამოიკვეთება, რა გზით მიდის ქვეყანა, რა შეიცვლება ბიზნესისთვის და რა პოტენციალი გვექნება ევროპულ ბაზრებზე. პროგნოზი ჯერ ძალიან მიჭირს“, – აცხადებს შალვა ქურდაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.
ცნობისთვის, ‘’ფაფრის ველი“ ბაზარზე 2004 წელს დაფუძნდა. კომპანია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ვენახს და მარანს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში ფლობს. ვენახი 10 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.
bp.ge