“ტურისტების 30%-იან ზრდას ველოდებით”-“სახლი ჯუთაში”

sakhli-jutashi

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე სასტუმრო ‘’სახლი ჯუთაში“  ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების 30%-იან ზრდას ვარაუდობს.

როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი ნანუკა არაბული “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, წინა წელს ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო ტურისტების სიმცირე შეიმჩნეოდა, თუმცა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია, რაც სასტუმროს საქმიანობაზეც დადებითად აისახება.

ნანუკა არაბულის თქმით, სასტუმროს დამსვენებლების ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 90% ადგილობრივი მოსახლეობაა. დანარჩენი 10%-ი  უცხოელ ტურისტებს უჭირავს. რაც შეეხება ქვეყნებს, ჯავშნები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდანაა (გერმანია, პოლონეთი), აზიური ქვეყნებიდან კი ჩინელები და იაპონელები სჭარბობენ. 

‘’სახლი ჯუთაში“ წლევანდელ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა და 2 ახალი კოტეჯი დაამატა, რისთვისაც კერძო ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმროს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ მოთხოვნა პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. ტურისტულ ობიექტს ამისთვის დამატებით 40%-იანი ზრდა სჭირდება, რის შესაძლებლობაც სავარაუდოდ უფრო მომავალ წელს გაჩნდება. ნანუკა არაბულის თქმით, ამის იმედს იძლევა ტურიზმის შესაძლებლობები, რის პოტენციალიც მთიან რეგიონებშია, მათ შორის, ყაზბეგში.

‘’მაქსიმალურად ვემზადებით, რომ შარშანდელზე უკეთესი შედეგი გვქონდეს. ჯავშნების მიხედვით, დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვექნება. სოფლის გზა კეთდება და ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ ტურისტებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია. წინა წელს ამის საშუალება არ იყო, რამაც ძალიან შეგვიშალა ხელი და გამართულად ვერ ვიმუშავეთ. წელს რადიკალურად სხვა მოცემულობა გვექნება, შესაბამისად, მოლოდინიც დადებითია“, – აცხადებს ნანუკა არაბული ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, ‘’სახლი ჯუთაში“ ერთ-ერთი პირველი სასტუმროა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. ტურისტულ ობიექტს მომავალ წელს 25 წელი შეუსრულდება.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები