ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: 2003 წლიდან ვსწავლობ და ვიკვლევ ქართულ ყველს. მთელი საქართველო მოვიარე!
„ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ მოხვალთ ჩემთან და გააკეთებთ ინტერვიუს, როგორც მილიონერ მეყველესთან, რომელსაც საკუთარი ყველის მუზეუმი აქვს!“
როგორია ძლიერი და წარმატებული ქალის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის გზა ძველი ქართულის ფილოლოგობიდან ქართული ყველის დედოფლობამდე და საერთაშორისო აღიარებამდე? „ასავალ-დასავალის“ მკითხველს „ყველის გილდიის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე განვლილი სირთულეებით სავსე ცხოვრების გზისა და დიადი სამომავლო გეგმების შესახებ ექსკლუზიურად ესაუბრება.
_ ქალბატონო ანა, როგორი იყო თქვენი ცხოვრების გზა და კარიერა „ყველის დედოფლობამდე“?
_ ჩემი ცხოვრების გზა ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთული იყო. მერგო მისია, საქართველოში სიახლეებისა და აღმოჩენების სათავეებთან ვყოფილიყავი. სანამ „ყველის დედოფლის“ სახელს დამარქმევდნენ, იქამდე „ელექტონულ ანას“ მეძახდნენ. წლების მანძილზე ვმუშაობდი საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვაზე. კავშირგაბმულობის სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი ვიყავი 1997-2001 წლებში. ეს ის წლებია, როცა საქართველში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა ინტერნეტის შესახებ. პროფესიით ძველი ქართულის ფილოლოგი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით საქმიანობას ძალიან მალე დავანებე თავი. როგორც ახლა მიყვარს ქართული ყველი, ისე მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა მუშაობა კავშირგაბმულობის სფეროში. სულ ვამბობდი რომ ინტერნეტიზაცია მსოფლიოს შეცვლიდა. მსოფლიო ბანკის პროექტის დირექტორის პოზიციაზეც ვმუშაობდი. ჩემი დაწერილი იყო მოხსენება, რომლითაც ედუარდ შევარდნაძე ნოემბრის რევულუციის დღეს პარლამენტში გამოდიოდა. 2003 წელს კი ქართული ყველის აღმოჩენისა და შესწავლის სათავეებთან აღმოვჩნდი.
_ ქალბატონო ანა, როგორ განვითარდა მოვლენები თქვენს ცხოვრებაში და რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ქართული ყველის კვლევით?
_ 2003 წელს, რევოლუციის შემდეგ მქონდა შემოთავაზება მეთანამშრომლა ნაციონალურ მოძრაობასთან, თუმცა მათთან თანამშრომლობა არ მომინდა. ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ ეს გუნდი თავისი მსოფლმხედველობით აბსოლუტურად მიუღებელი იყო. რადგანაც მათ გვერდით არ დავდექი, ყველა პროექტს ჩამომაშორეს. შეატყობინეს მსოფლიო ბანკს, რომ პროექტებს აჩერებდნენ. ჩვენი კანადის გრანტის თანხა ფინანსთა სამინისტროს კარგა ხანს ჰქონდა დაპატიმრებული. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების კარიბჭეს“ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობდა მუშაობა იუსტიციის სახლის მოდელის ჩანასახზე – ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, თუმცა პროექტი ცხვირწინ აგვაცალეს. მოკლედ, ნაციონალებმა დემოკრატიის სახელით, თავზე დაიმხეს დემოკრატია. იმ დანაშაულების გამო, რაც ხალხისა და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს, პირდაპირ ვაცხადებ, რომ წრეგადასული ანტინაცი ვარ!
_ თქვენი შეხედულებების გამო უმუშევარი დარჩით?
_ ჩვენი ორგანიზაცია დაიხურა. ის დიდი საქმე, რასაც ქვეყნისთვის ვაკეთებდით, გადავიდა არაპირდაპირ სააკაშვილის მიერ შექმნილი არასამთავრობოების ხელში. დავრჩი უმუშევარი, ხელში მგლის ბილეთით. თავი რომ მერჩინა და შიმშილით არ მომკვდარიყავი, დავიწყე პროექტი „საქმიანი საქართველო“. ეს იყო სარეკლამო წიგნი, რომელიც დღემდე მეზიზღება. წიგნში ერთი თავი სოფლის მეურნეობასა და ქართული ყველის ნაირსახეობების შესახებ უნდა ყოფილიყო. წიგნზე მუშაობის პერიოდში ჩვენი კონსულტანტი გახლდათ ეთნოგრაფი, პროფესორი თამილა ცაგარეიშვილი, რომელიც გიორგი ჩიტაიას პირდაპირი სამეცნიერო მემკვიდრეა. ქალბატონ თამილას გულწრფელად ვკითხე, მესაქონლეობის ასეთი უძველესი ისტორიის პატრონ ქართველებს, მხოლოდ ოთხი სახეობის ყველი რატომ გვაქვს მეთქი. ქალბატონმა თამილამ მიპასუხა, რომ ბევრი სახეობის ყველი დღემდე გამოკვლეული არ იყო და გიორგი გოცირიძის პატარა ბროშურა მათხოვა ყველის სახეობების შესახებ. როგორც ალისა გადავიდა სარკიდან საოცრებათა ქვეყანაში, ასე გადავედი ქართული ყველის სამყაროში. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ქართული ყველის სახეობების საფუძვლიანად შესწავლა.
_ ქალბატონო ანა, დღესათვის რამდენი ყველის სახეობა გვაქვს ქართველებს?
_ ამ ეტაპზე საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობა დავარეგისტრირებინე: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩლეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული. კიდევ ბევრი სახეოების ყველი გვაქვს ქართველებს, რომელიც ჯერ არ არის დარეგისტრირებული.
_ რა გეგმები დასახეთ ამ რთულ და საინტერესო გზაზე და ახლა რა ეტაპზე ხართ?
_ დასაწყისშივე ზუსტად დავინახე, რომ დაავარსებდი ფესტივალს, ჩავატარებდი კვლევას საქართველოს ყველა კუთხეში და მსოფლიოს გავაცნობდი ქართულ ყველს. ამ ეტაპზე უკვე მაქვს საერთაშორისო სახელი. ბიბისი ჩემზე ფილმს აკეთებს, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“, პირველმა არხმა და გაერომ უკვე გადაიღო. ამერიკის შეერთებული შტატების დოკუმენტალისტთა ჯგუფი მუშაობს ფილმზე ყველის შესახებ მსოფლიოს 9 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. დავაარსე ყველის სახლი, ყველის კუთხე, თუმცა ეს ბიზნესი ჩემი არ არის. ბიზნესში ოროსანი აღმოვჩნდი. ერთოთახიანი ბინა მქონდა, გავყიდე და აღებული ფული ექსპედიციებს მოვახმარე. სოფელ-სოფელ დავდიოდი ფერმერებთან, ვხვდებოდი უხუცესებს, დაგროვებდი რეცეპტებს და ინფორმაციას ყველის შესახებ. სამეგრელოში, ვიპოვე მეგრული გუდის ყველი. სვანეთში – ნარჩვი, რაჭაში – წყალდასხმულა. თაფლში შენახული ყველის რეცეპტი 95 წლის ქალბატონმა გამანდო, რომელიც სამეგრელოს სოფელ კოლხიდაში ცხოვრობდა. აღვადგინე ეს სახეობა და ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
_ ყველის ფესტივალს რომელი წლიდან ჩაუყარეთ საფუძველი?
_ 2010 წელს პირველი ყველის ფესტივალი ჩავატარე. 2003 წლიდან ვსწავლობ და ვიკვლევ ქართულ ყველს. მთელი საქართველო მოვიარე, თუმცა ფესტივალს წლების განმავლობაში არ მიფინანსებდნენ. 2010 წელს მეღვინეთა 73-ე კონგრესს ატარებდა ნაციონალური მოძრაობა და მაგ დროს გავახსენდი მე. „ვიღაც ქალი“ რომ დარბის და ყველი-ყველი გაიძახის, ის მოვიყვანოთ და ყველის კუთხით კონგრესი გავალამაზებინოთო. იყო ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი – მედიკო ჯანიაშვილი, რომელიც დღემდე მუშაობს ტურიზმის დეპარტამენტში. მან დამირეკა და მკითხა: ანა, თუ გსურთ კიდევ ღონისძიების გაკეთება, მობძანდითო. რასაკვირველია, დავთანხმდი და ფესტივალი ჩავატარე. კონგრესის მეორე დღეს მეღვინეთა დელეგაციის ფრანგი ხელმძღვანელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა: ეს რა ვნახე, თქვენ მგონი ღვინის კი არა ყველის სამშობლო ხართო. ჩამოვიყვანე ყველა მეყველე, თუკი ვინმე გავიცანი ამ წლების განმავლობაში. მეორე დღესვე ქართული ყველის პროექტმა დაიწყო სიცოცხლე და განვითარება. 2010 წელს 4 ფესტივალი ჩავატარე. ანაკლიაში ჩავატარე მეყველეთა ფორუმი. 2011 წელს კი ვინმე ეთერ ყამარაულმა პროექტი წამართვა.
_ როგორ წაგართვათ პროექტი და ვინ იყო ეს ადამიანი?
_ ეს ქალბატონი იყო მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას მოადგილე. დამიბარა და მითხრა, კიდევ ჩავატაროთ ფესტივალიო. მივიტანე სამინისტროში დეტალური სცენარი, დავტოვე და წამოვედი. გადის დრო და არავინ მეხმიანება. იმ პერიოდში უკვე მქვია ყველის დედოფალი, ყველის დედა, სულ ყველზე ვლაპარაკობ, მიწვევენ გადაცემებში. ისე მოხდა, რომ „მომტეხეს“, თუმცა ფესტივალზე მონაწილის სტატუსით დამპატიჟეს. სააკაშვილი მოვიდა, ჩამეხუტა და შემაქო – რა კარგ საქმეს აკეთებო. რამდენიმე ადამიანთან ცოტა დავიწუწუნე, ეს ხომ ჩემი ფესიტავლი იყო, რატომ წამართვით-მეთქი და იცით რა პასუხი მივიღე? – გაჩუდი რა ანა, სამი ბიჭი გყავს, სამივე ციხეში მოხვდებაო.
_ ქალბატონო ანა, 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა… მიიღეთ თუ არა მხარდაჭერა ოცნების ხელისუფლების მხრიდან?
_ საბედნიეროდ, სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი – შაკო ფიფია, რომელმაც ფესტივალი დამიბრუნა. ჩემი ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებით და სირთულეებით, თუმცა ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის კეთება არასოდეს შემიწყვეტავს.
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ქართულ ყველს აქვს უკვე თავისი პოლიგრაფიული პლატფორმა, კატალოგები, ფესტივალი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ასევე გავაკეთებინე ყველის არქეოლოგია. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გადავუხადო გურამ ოდიაშარიას. არქეოლოგიამ მომცა ის, რომ ჩვენ გვაქვს 8 000 წლიანი ყველის ჭურჭელი. 53-ზე მეტი დასახელების ნივთი ინახება ეროვნულ მუზეუმში. მეთუნეებს – გიგიშა პაჭკორიას და გოჩა კოხაბერიშვილს დიდი მადლობა, რადგან მათი წყალობით ახლა ამ უნიკალური არტეფაქტების მინი ექსპოზიციები – მინაბაძები მაქვს. აქამდე, უზარმაზარი სადღვებელებით და სარძევე ჭურჭლით დავდიოდი ყველა ეთერში და საერთაშორისო გამოფენეზე… დღესათვის ყველის ფალსიფიცირების წინააღმდეგვიბრძვი. ვინმემ რომ იკადროს და იტალიაში, პარმაჯანო ფხვნილით და ტრანსცხიმებით გააკეთოს, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება? 7 თაობაში მოკვეთავენ! ქართველებმა არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ქართული ყველის ფალსიფიცირების უფლება არ უნდა მივცეთ. დაუშვებელია, ყველის წამოებაში იყენებენ რძის ფხვნილსა და ტრანსცხიმებს! პირადად მე, ანა მიქაძემ, ქართული ყველი ეროვნული საგანძურის დონემდე ავიყვანე. რამდენიმე ყველს: სულგუნს, დამბალხაჭოს, ტენილს და ნარჩვს – აქვს უკვე მინიჭებული არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი.
_ ქალბატონო ანა, დაგრჩათ კიდევ რამე ოცნება?
_ ჩემი ოცნებაა, გავაკეთო ყველის მუზეუმი. მჯერა, ყველაფერს შევძლებ. ბიზნესში არ გამიმარლთა. ბავშვობის მეგობრის ოჯახმა ბიზნესიდან მომისროლა და სასამართლოებში მარბენინეს. 4 სასამართლო მოვიგე, ფანტასტიური ადვოკატი მყავდა – გიგი სისვაძე. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი დამემართა და ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაინც მყარად დავდექი ფეხზე! 58 წლის ასაკში ხატვა დავიწყე. ამ ეტაპზე ჩემზე კატასტროფული მოთხოვნაა. გუდვილში ნახევარ წელზე მეტია ვასწავლი სულგუნის კეთებას, სულ ახლახანს ვიყავი აზერბაიჯანში და დუბაიში. მიწვეული ვარ ბარსელონაში. ვწერ რომანს ამეტერებზე – შვეიცარიელ მეყველეებზე. რამდენჯერაც დავმარცხდი, იმდენჯერ დავიწყე ნოლიდან ცხოვრება! მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ მოხვალთ ჩემთან და გააკეთებთ ინტერვიუს, როგორც მილიონერს მეყველესთან, რომელსაც საკუთარი ყველის მუზეუმი აქვს! ექსკლუზიურად გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცელებიდან, რომლის რედაქტორს – ლაშა ნადარეიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვაჟღერებ ჩემს სანუკვარ სურვილს. მინდა სრულიად საქართველომ და კოსმოსმა გაიგოს: ისე არ წავალ ამ სამყაროდან, არ გავაკეთო ქართული ყველის მუზეუმი, სადაც ჩატარდება ყველის მასტერკლასები. ყველის მუზეუმში მინდა მყავდეს 35 თხა, 10 ძროხა, 10 ცხვარი, 2 ცალი ვირი და 2 ცალი კამეჩი. თუ ვინმე ამ იდეას მოიპარავს და განახორციელებს, პირველი მე მივალ და მივულოცავ!
ავტორი: მეგი საჯაია