რესტორანი “რძლები” მუშაობას მაისიდან განაახლებს

restorani rdzlebi

თერჯოლაში მდებარე რესტორანი ”რძლები” მაისიდან ფუნქციონირებას განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს.

როგორც “რძლების” თანადამფუძნებელი, ქეთო ფუტურიძე ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი ევროკავშირის გრანტით ხორციელდება, რომლის მოცულობაც 21 000 ლარს შეადგენს. რესტორანთან ერთად, ”რძლების” სახელწოდებით გაიხსნება არტიზანული მაღაზიაც, ორივე ობიექტი ქეთო ფუტურიძის 200-წლოვანი იმერული ოდა-სახლის ტერიტორიაზეა განთავსებული.  

ინვესტიცია ძირითადად  რესტორნის გარე სამზარეულოს მოწყობას,  სამზარეულოს ტექნიკით აღჭურვას და  თონის დამატებას მოხმარდა.

რესტორანთან დაკავშირებით ქეთო ფუტურიძე აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონზე რესტორანი სრული დატვირთვით, წლის ყველა სეზონზე იმუშავებს. აქამდე კი  მომხმარებელს გაზაფხული- შემოდგომის ინტერვალში ემსახურებოდა.

მისივე ინფორმაციით, ”რძლები” როგორც უცხოელ ტურისტებს ასევე ადგილობრივ სტუმრებს უმასპინძლებს, რაზეც ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს.  ფუტურიძის  ინფორმაციით, გასულ წელს “რძლებმა”  11-მდე ქვეყნიდან სტუმრებს უმასპინძლა, მათ შორის, აშშ-დან და ევროპიდან.  

რაც შეეხება მენიუს, ,,რძლების” ნიშა მხოლოდ ადგილობრივი, იმერული კერძებია, რომლის ნაწილიც მივიწყებული იყო.  ასეთია, კვახიკელა,  ძმარკალია და სხვა, რომლებსაც იმერლები  ამზადებდნენ.  რეცეპტის ნაწილი რესტორნის დამფუძნებლებმა ივანე ჯავახიშვილის გასტრონომიული ჩანაწერებიდან აღადგინეს და თანამედროვე ელემენტებით დატვირთეს, ნაწილი კი იმერეთის  სოფლებში მოიძიეს.

”ახალი სეზონისთვის ვემზადებით, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ კიდევ გასულ სეზონზე გაგვიცნო ხალხმა, ამაში ძალიან დაგვეხმარა პროექტი ”გემოფესტი” , რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ტარდება. მომხმარებლების დიდ ნაწილთან პირველი შეხვედრა სწორედ ფესტივალზე შედგა და ამას შეკვეთების მკვეთრი ზრდა მოყვა. შესაბამისად, გაფართოების გადაწყვეტილება მივიღეთ. პარალელურად ვიღებთ ჯავშნებს, ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განრიგი გაწერილი გვაქვს”, – აცხადებს ქეთო ფუტკარაძე.

რესტორანში (შიდა და გარე სივრცეებში) ერთდროულად 60 ადამიანის გამასპინძლება იქნება შესაძლებელი. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კერძებს, რომელსაც ისინი სტუმარს სთავაზობენ, საკუთარ ბოსტანში წარმოებული ბოსტნეულისგანაა დამზადებული, ხოლო პურს, რომელსაც სენდვიჩების დასამზადებლად იყენებენ, ბიო წითელი დოლისგანაა დამზადებული. 

რაც შეეხება მაღაზიას,  აქცენტი ადგილობრივ პროდუქციაზე გაკეთდება.

”გაიყიდება ხელნაკეთი შოკოლადები, რომელსაც ადგილობრივი მეწარმე მარიამ მინაძე ამზადებს. პროექტის მიზანია, ქალი მეწარმეების როლი გავაძლიეროთ და დავეხმაროთ მათ წარმოებული პროდუქტის რეალიზებასა და პოპულარიზაციაში. კვების სეგმენტში მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გვექნება, როგორიცაა აჯიკა, ჩურჩხელა, ტყლაპი, ჩირეული და სხვა. ჯერჯერობით მაღაზიას მცირე სივრცე ეთმობა და გვინდა ამ მიმართულებითაც გავფართოვდეთ, მეტად წარმოვაჩინოთ პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი მეწარმეები ქმნიან”, – აცხადებს ქეთო ფუტურიძე.

ფუტურიძის ინფორმაციით, საკარმიდამო ტერიტორიის მოცულობა 3000 კვ.მ-ს შეადგენს. წელს გაფართოვდა ბოსტანიც, რომელიც 100 კვ.მ. ფართობს მოიცავდა და 900 კვ.მ- მდე გაიზარდა. ადგილზე მოყვანილი ბოსტნეული (ყველა ძირითადი დასახელების მწვანილეული, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბულგარული, კვახი და სხვა) 100%-ით ნატურალურია.

ცნობისთვის, რესტორანი “რძლები“ თერჯოლაში 2023 წლის ივლისში გაიხსნა და აქამდე სეზონური იყო.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები