მაღალმხარჯველი ტურისტების წილს 30%-მდე გავზრდით

castelo-mare

აჭარაში, ციხისძირში მდებარე სასტუმრო “კასტელო მარე” ზაფხულის სეზონს პოზიტიური მოლოდინით ხვდება. როგორც სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი ზანდა მესხიძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, “კასტელო მარე”  ზაფხულისთვის  მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას ცდილობს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ თუ ევროპელი ვიზიტორების წილი 30%-მდე გაიზრდება, უკვე კარგი შედეგი იქნება. 

მესიხიძის ინფორმაციით,  2023  წელს აღნიშნული სეგმენტის  წილი 9-11 %-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც ზოგადი ტენდენციით იყო გამოწვეული.  ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა სახელდება.  მისი განცხადებით, სასტუმროში დამსვენებლების ძირითად სეგმენტს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს, რომლის წილი 60%-მდეა. 

ევროპელი ტურისტების მოზიდვას სასტუმროს მენეჯმენტი სერვისების გააქტიურებით გეგმავს, განსაკუთრებული აქცენტი  კი სპა-ცენტრზე კეთდება, რითაც განსაკუთრებით ევროპელი ტურისტები ინტერესდებიან. გარდა ამისა, სასტუმროს მენეჯმენტი  აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს, რათა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები უკეთ იქნეს აღქმული და დანახული.  ამ მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად  წელს ”კასტელო მარე”  ტურისტულ გამოფენებში ვილნიუსში, ვენასა და პოლონეთში  მონაწილეობდა.

”მარკეტინგულმა კამპანიამ კარგად იმუშავა, რამდენიმე  მოთხოვნა წამოვიდა. მაისის დასაწყისში ტურისტულ ჯგუფს ვილნიუსიდან ველოდებით. სხვა ქვეყნებიდანაც არის გამოხმაურება, განსაკუთრებით პოლონეთიდან, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ.  ვფიქრობთ, რომ  წელს ევროპა  საკმაოდ გააქტიურდება, რის შესაძლებლობაც გასულ წელს არ იყო. თუკი მაღალმხარჯველი ტურისტი არ  გვეყოლება,  უბრალოდ, ვერ დავიგეგმებით, ვერაფერს გავაწყობთ. ჩვენი გათვლით,  პოლონეთის წილს  15% -მდე გავზრდით,  ხოლო სხვა ევროპულმა ქვეყნებმა 12%-ის ფარგლებშიც რომ დაიჭირონ,  ძალიან კარგი შედეგი დაიდება.  მთავარია დავარწმუნოთ, რომ ვართ ნამდვილად უსაფრთხო  ქვეყანა. სხვათა შორის, გლობალურ გამოფენებზე  ეს  კითხვები იყო ევროპელი მოქალაქეების მხრიდანაც, რეგიონი ტურიზმისთვის რამდენად უსაფრთხოა”, – აცხადებს ზანდა მესხიძე.

რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, მესხიძის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ტარიფები  თითქმის იგივე დარჩება, თუმცა პრემიუმ კლასის ფასები  შეიძლება მცირედით დაკორექტირდეს ზრდის მიმართულებით. მაღალ სეზონზე სასტუმროში ნომრის ფასი ერთი ღამით, 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 -ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები