რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში ვილა-კოტეჯი Wild Escape Racha გაფართოების პროექტზე მუშაობს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი გოგორიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ობიექტს ორი ახალი კოტეჯი და სპა დაემატება, სადაც მომხმარებლებს გამაჯანსაღებელი სერვისის მიღება შეეძლებათ. ინვესტიციის მოცულობა 800 000 ლარს შეადგენს.
ამჟამად Wild Escape Racha ორი კოტეჯით არის წარმოდგენილი და სოფელ თლუღის ბოლოში, სოჭის ტყეში მდებარეობს.
როგორც გიორგი გოგორიშვილი აღნიშნავს, კოტეჯი ზამთარშიც მუშაობს, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო ნაკლებად დატვირთულია. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ტურისტული ობიექტი მომხმარებლებს უკვე იღებს, ივნისის ბოლოს კი სტუმრების გამასპინძლებას ახალ კოტეჯებში შეძლებს.
კერძოდ, ეს იქნება ორი სამსართულიანი კოტეჯი საუნით, ვიზიტორებს კი რამდენიმე ახალ სერვისს შესთავაზებს, მათ შორის, სათევზაო ტურებს, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და სხვა, რისთვისაც ტურისტული ობიექტის დირექტორი ადგილობრივი კადრის გადამზადებას გეგმავს.
ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც Wild Escape Racha-ს საქმიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომლის დიდი ნაწილიც კომპანიამ საკუთარი რესურსით მოაწესრიგა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება საგზაო ინფრასტრუქტურა (კოტეჯი ხელუხლებელ ველურ გარემოში მდებარეობს) და ბუნებრივი აირის არქონა.
“ორი წლის წინ ავაშენეთ პირველი კოტეჯი, ვინაიდან ტერიტორია მთლიანად ტყეშია, მშენებლობის დროს არ იყო არანაირი კომუნიკაცია, შესაბამისად, მოგვიწია ყველაფრის ნულიდან კეთება. თავის დროზე ეს დიდი გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ. ბუნება იგრძნობა ყველაფერში, კოტეჯის ინტერიერიც ისე მოვაწყვეთ, რომ მაქსიმალურად დიდი ვიტრაჟებია, საიდანაც ბუნების ხედები იშლება. კოტეჯი არის სამკუთხედი კონსტრუქციის, რაშიც რაჭის მთიანი რელიეფი გავითვალისწინეთ“, – აცხადებს გიორგი გოგორიშვილი.
ვილა-კოტეჯის დამსვენებლების ნახევარზე მეტს უცხოელი ტურისტები შეადგენენ, მათ შორის ევროპიდან, საამიროებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა.
ცნობისთვის, Wild Escape Racha არის კომპანია Wild Escape Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასევე ვილა კოტეჯი ყაზბეგში – Escape Yazbegi ფუნქციონირებს. როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, გრძელვადიან გეგმაშია გაფართოება რეგიონების მიმართულებით, სადაც დამფუძნებლები მაქსიმალურად შეეცდებიან კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი, ავთენტური გარემო შეიქმნას.
კომპანია სააგენტო ‘’აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. Wild Escape Georgia -ს ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1.2 მლნ ლარს შეადგენს.
bp.ge