თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva, რომელიც ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს. Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.

Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.

ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი 2.