ტავ ჯორჯიამ წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელა. აეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო.
გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი „E”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებული სამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO-ს სტანდარტებს. ამ სამუშაოების პარალელურად, საქაერონავიგაციამ ვიზუალური ჰაერსანაოსნო საშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟი განახორციელა.
ასევე, ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F” და „E” კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3 სადგომი და ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.
აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 მ2 –მდე ფართობზე განახლდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს აეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. ტავ ჯორჯიამ შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-ავტომობილი, რომელიც ICAO-ს სტანდარტების გათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა.
ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.