ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეცხრე წელია ეწყობა სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატარონ დრო.
რა სანახაობა ელით სტუმრად მისულ ადამიანებს, როგორი ღვინოები დახვდებათ მათ და რა აქტივობებში იქნება მონაწილეობის მიღება შესაძლებელი, ამ ყველაფრის შესახებ გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი მოგვიყვება
ბ-ნო შოთა, მოკლედ გვიამბეთ გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ, როგორ აღწერდით ამ ღონისძიებას მათთვის, ვინც არასდროს ყოფილა ფესტივალზე?
გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესაძლებლობებით სავსე პლატფორმაა, სადაც ერთიანდება ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე ტურისტული გამოცდილება. იგი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს ღვინის, როგორც ეროვნული ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალი ხაზს უსვამს კახეთის ღვინის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, რაც ქვეყნის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.
რა აქცევს ფესტივალს როგორც მონაწილეებისთვის ასევე სტუმრებისთვის საინტერესო გამოცდილებად?
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღვინის ფესტივალს. წარმოიდგინეთ, 2024 წელს ფესტივალმა 400-ზე მეტი მონაწილე და 30,000-ზე მეტი სტუმარი მიიღო. ფესტივალზე წარმოდგენილია, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ასევე, IWSC wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. დამსწრეებს ადგილზე მოსვლისას შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სასმელი.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება. მისი პირველი გამოჩენა ღვინის ტურიზმის საზოგადოებისთვის გაცნობას და მის პოპულარიზაციას უკავშირდებოდა. ამ დროისთვის, მასში ძირითადად ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მეღვინეობები და საოჯახო მარნები. ფესტივალმა ამ ხნის განმავლოშბაში რამდენიმე ეტაპი გაიარა, თავისი გამოცდილებით ის უნიკალურია. 2018-2019 წლებში გაიზარდა ფესტივალზე მონაწილეებისა და მეღვინობების ჩართულობა არა მხოლოდ კახეთიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც. ასობით მონაწილის ჩართულობამ გაზარდა ფესტივალის მასშტაბი და ცნობადობა. გაფართოვდა კულტურული ღონისძიებები და გასართობი აქტივობები. 2020-21 წლებშ გლობალური პანდემიის გამო ფესტივალი ვერ ჩატარდა, თუმცა 2022-2024 წლებში განახლებული სახით დაბრუნდა და საერთაშორისო სახე მიიღო მეტი უცხოლი სტუმრისა და ღვინის ექსპერტის ჩართულობის საფუძველზე. 2022 წლიდან ფესტივალი გახდა საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფციალური პარტნიორი. შესაბამისად, მეტად გამრავალფეროვნდა პროგრამაც. 2023 წელს კიდევ უფრო გაიზარდა მეღვინეებისა და მეწარმეების ჩართულობა, რამაც ფესტივალის საერთაშორისო ხასიათთან ერთად, დიდი როლი ითამაშა კახეთში ღვინის ტურიზმის სექტორის ეკონომიკურგაჯანსაღებში. 2024 წელს ფესტივალმა რეკორდული მაჩვენებლები მიიღო. გაფართოვდა კვების ობიექტბის, მედიის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. ფესტივალზე 1300-მდე ღვინის სახეობამ, 200-მდე მეღვინემ და 250-მდე მეწარმემ მოიყარა თავი.
რით იქნება გამორჩეული 2025 წლის ფესტივალი, ცნობილია, რომ მისი კონცეფცია „ქართული ღვინის მრავალხმიანობაა“. რას ნიშნავს ეს თემა თქვენთვის? რას გადმოსცემს ამით ფესტივალი…
გურჯაანის ღვინის ფესტივალის 2025 წლის კონცეფცია ქართული ღვინის მრავალხმიანობაზეა აგებული – ღვინოზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგზაურობდა, ვითარდებოდა, ერგებოდა ახალ რეალობებს და ამავდროულად ინარჩუნებდა იმ ტრადიციებს, რომელმაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. ამასთან, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ქართული ღვინო მხოლოდ წარსულის ნაწილი კი არა, არამედ მომავლისაცაა. ტრადიცია, სადაც არის საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ქვევრის ღვინის კულტურა, და ინოვაცია – ახალი ტექნოლოგიების, შეთავსება. როდესაც ვსაუბრობთ ღვინის მრავალხმიანობაზე, ვგულისხმობთ იმ მრავალფეროვან გემოსა და სურნელს, რომელიც ქართულ ღვინოში თანაარსებობს. ისევე, როგორც ქართული პოლიფონია — სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერთიანდება, ისე ჩვენს ღვინოში შერწყმულია ტკბილი და მჟავე ნოტები, სიძლიერე და სიფაქიზე, ტრადიცია და ინოვაცია. შესაბამისად, ჩვენს მიწაზე აღმოჩენილი ვაზის უძველესი ჯიშები, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია და თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტექნოლოგიები ქმნის ერთიან, მაგრამ მრავალხმიან ისტორიას, რომელსაც ქართული ღვინო გვიყვება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ ამ მრავალხმიანობას წარმოაჩენს: აქ შეგხვდებათ როგორც ქვევრის უძველესი ღვინო, ასევე ახალი თაობის მეღვინეების შემოქმედება; სტუმრები არა მხოლოდ დააგემოვნებენ ღვინოს, არამედ მუსიკითა და კულინარიითაც შეიგრძნობენ ამ მრავალხმიანობის ატმოსფეროს.
ტრადიციისა და თანამედროვეობის ჰარმონია, რომელსაც თითოეული სტუმარი საკუთარი გემოვნებითა და ემოციებით იპოვის.
ქართული ქვევრის ღვინო UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობადაა აღიარებული. როგორ ეხმარება ფესტივალი მის პოპულარიზებას და დაცვას?
ეს არის ჩვენი კულტურის აღიარება საერთაშორისო დონეზე. UNESCO-ს გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოში, გაზარდა ნდობა და ინტერსი საერთაშორისო ბაზრებზე და კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, რეპუტაცია.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს გურჯაანის ღვინის ფესტივალი მცირე მეწარმეებს (საოჯახო მეღვინეობებს და კერძო მეწარმეებს)
ადგილობრივ მეღვინეებსა და მარნებსაქვთ საშუალება გაზარდონ ხილვადობა და საკუთარი პროდუქტის გაყიდვები. ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ საშუალება საკუთარი ღვინო ფართო აუდიტორიას გააცნონ და მიაწოდონ. გაყიდვების პირდაპირი ზრდის გარდა, ისინი ფესტივალის მეშვეობით უკავშირდებიან საერთაშორისო ვიზიტორებს, სიომელიეებს, ჟურნალისტებს და სხვა მწარმოებლებს. ეს მათთვის ახალ გზას ხსნის პროდუქტის განვითარების და შემოსავლის ზრდის კუთხით.
მეღვინეებისა და მეწარმეების გარდა, ვისთვის ქმნის შესაძლებლობებს გურჯაანის ღვინის ფესტივალი?
ფესტივალი აერთიანებს ხელოვნებას, მუსიკას, გასტრონომიასა და ტურიზმს. სტუმრები იღებენ სრულყოფილ გამოცდილებას, ეცნობიან კულტურულ მემკვიდრეობას და ეზიარებიან უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც მხოლოდ კახეთში და კერძოდ, გურჯაანშია შესაძლებელი.წელს, მონაწილეებს დახვდებათ მეღვინეები მთელი საქართველოდან, დიდი და მცირე მარნები, ღვინის ცნობილი და ექსპორტიორი მწარმოებლები, ტრადიციული კერძების დიდოსტატები, ქართველი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები, შეფ-მზარეულები, მასტერკლასები, საავტორო კერძები, ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციების წარმომადგენლები და გასართობი სივრცეები ყველა ასაკის წარმომადგენლებისთვის. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ საუკეთესო ქართული ღვინო, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში და ჩაერთონ ინტერაქციაშიკონცერტზე დასწრება, საღამოს მეგობრებთან და ოჯახთან გატარება, თათარაობა და ყურძნის დაწურვის შესაძლებლობა ვიზიტორებისთვის ფესტივალს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. ფეხბურთის მოყვარულებს კი, სპეციალურად შექმნილ სივრცეში დიდ მონიტორზე ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყურების შესაძლებლობა ექნებათ.
რას ისურვებდით რომ დარჩეს თითოეულ მონაწილეს ფესტივალისგან და როგორ ხედავთ გურჯაანის ღვინის ფესტივალის განვითარებას?
ადგილობრივებისთვის ფესტივალი, პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობების დამყარების სივრცეა. აქ ღვინის და მის ტრადიციის გარშემო ოჯახები, მეგობრები, მეზობლები და სრულიად უცხო ადამიანებიც კი ერთიანდებიან. ხელოვნების სფეროს ადგილობრივ მწარმოებლებს ეძლევათ საშუალება საკუთარი ნიჭი გამოავლინონ იმ ტრადიციული ელემენტების მქონე ღონისძიებების საშალებით, რომელიც საზოაგდოებაში საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი პატივისცემას მნიშვნელოვნად ზრდის. ფესტივალი კარგი საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვისაც. სამომავლოდ, ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო მასშტაბის გაზრდას, უფრო მეტი ტურისტის ჩამოყვანას, ახალი პარტნიორების მოძიებას და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას. მომავალში გურჯაანის ღვინის ფესტივალი შეიძლება გახდეს რამდენიმე დღიანი , რისი პოტენციალიც რეგიონს გააჩნია.
თქვენი სურვილია რა დაამახსოვრდეს სტუმრებს ფესტივალიდან?
საინტერესო და განსხვავებული ღვინოების აღმოჩენა, საუკეთესო განწყობასთან ერთად.
