სევდიანი კომედია ბედნიერების მაძიებელ წყვილზე

iakichi da pupche

დავით საყვარელიძის სპექტაკლი „იაკიში და პუპჩე“ სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ბრუნდება! ერთ მოქმედებიანი წარმოდგენა 14 , 15 და 17 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. 

სევდიანი კომედია მახინჯი, ღარიბი და მარტოხელა იაკიშისა და მასავით შეუხედავი პუპჩეს შესახებ მოგვითხრობს. იაკიშს მარტოობა ეძნელება, ჭკუიდან შლის. „მე არ მყავს და ალბათ, არასდროს მეყოლება ქალი“… – ამბობს უბედური და თითქოს ბედს შეგუებული, თუმცა მის გულში ბედნიერების მცირე იმედი მაინც ბჟუტავს. იქით კი პუპჩე იტანჯება, მოზღვავებულ ჰორმონებს ვერაფრით აცხრობს, მამაკაცთან შეხვედრაზე და ქმარ-შვილზე ოცნებობს: „მახინჯი ვარ, მაგრამ საფრთხობელასაც ხომ შეიძლება ჰქონდეს ფაქიზი სული?!“

სწორედ ამ დროს „გამოჩნდება სინათლე გვირაბის ბოლოს“ და წყვილი ერთმანეთს ხვდება. თუმცა მათი ქორწინების შემდეგ, სიძე-პატარძლის მშობლები შეიტყობენ, რომ ახალგაზრდებს ხორციელთათვის წმინდა ცნების „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“ აღსრულება არ შეუძლია. სასოწარკვეთილნი გამოსავლის ძებნას იწყებენ და ყველა ერთად ერთვება ამ „გრანდიოზული, ფეერიული პროექტის“ განხორციელებაში…

სპექტაკლი 2017 წელს, რეგიონული თეატრების, ფოთის საერთაშორისო ფესტივალისთვის დაიდგა (პრემიერა შედგა 2017 წლის 21 ივლისს) და გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი“. 

„იაკიში და პუპჩე“ გამარჯვებულია „საუკეთესო სპექტაკლის“ ნომინაციაში რამდენიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. 

პოეტის, დრამატურგის, თეატრალური წარმოდგენების რეჟისორის, თანამედროვე ებრაული ლიტერატურის კლასიკოსის, ხანოხ ლევინის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ავტორი – დავით საყვარელიძეა, რეჟისორის თანაშემწე – სვეტლანა გოგოხია.

მოქმედი  პირნი  და შემსრულებელნი: იაკიში – ჯანო იზორია, პუპჩე – ნინო შავგულიძე, იაკიშის დედა – სანათა ძაძამია, იაკიშის მამა – ნიკოლოზ წერედიანი, პუპჩეს დედა – მარინა სოლომონია, პუპჩეს მამა – დავით ბერაძე, ლეიბეხი –  პაატა ვახტანგიშვილი, მადამ პორცედესი – ბადრი ბეგალიშვილი, შამპინიე სანდელიე –

თათა გავაშელიშვილი.

(სპექტაკლის ხანგრძლივობა: 1 სთ. 20 წთ). 

ბილეთები | TKT.GE 

თეატრის მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. №68

გუგლ მეფის ლინკი: https://goo.gl/maps/dHXQkALzAK1BfSPD8

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები