ტურიზმის ექსპერტები ელიან, რომ მოგზაურობა 2026 წლიდან გაიაფდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Check-in Travel-ის დირექტორმა ლევან ოსეფაიშვილმა განუცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, სექტორში პროგნოზირებენ, რომ ტურ-პაკეტების ფასები ძველ, ანუ პანდემიამდელ ნიშნულს 2026 წელს დაუბრუნდება.
„მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, მოგზაურობა ყოველწლიურად ძვირდებოდა. სამწუხაროდ, წელსაც 2023 წელთან შედარებით, ფასები 10-15%-ით არის გაზრდილი, თუმცა, ველით, რომ მსოფლიო ტურიზმის აღდგენის კვალდაკვალ, ეს ტარიფები დაიწევს“, – განმარტა ლევან ოსეფაიშვილმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორი პოსტპანდემიურ პერიოდში სრულად აღდგა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში მოგზაურებმა 285 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განახორციელეს, რაც 20%-ით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ტურიზმმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კრიზისს გაუძლო და ახლა, ის განვითარების ახალ ეტაპზეა.
Check-in Travel-ის დირექტორი ამბობს, რომ მსოფლიო ტურიზმის აღდგენის პროცესს, ბუნებრივია, ფეხი საქართველომაც აუწყო და სექტორი 2019 წლის მაჩვენებლებზე უკვე გავიდა. „მეტიც, გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს გადავაჭარბებთ იმ მაჩვენებელს, რომელიც 2019 წელს იყო დაფიქსირებული“, – განმარტა ლევან ოსეფაიშვილმა.
მან მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველმა მოგზაურებმა უკვე დიდი ხნით ადრე დაიწყეს ტურ-პაკეტების შეძენა.
„მაგალითად, მიმდინარე წლის ზაფხულის ჯავშნების მიღება უკვე ნოემბერ-დეკემბერში დავიწყეთ. მომხმარებელი მიხვდა, რომ ასე გაცილებით ბიუჯეტური და კომფორტულია. რაც შეეხება წლევანდელ ზაფხულის სეზონს – ტრადიციულად, მოთხოვნადია თურქეთი, კვიპროსი და იტალია. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდან გამომდინარე, ამ ჩამონათვალს დაემატა გერმანიაც, რომელიც ზაფხულში პოპულარული ტურისტული მიმართულება აქამდე არასდროს ყოფილა“, – განმარტა Check-in Travel -ის დირექტორმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან საზღვარგარეთ 328 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 29 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.
bp.ge