2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორებს სრულიად ახალი სათხილამურო არეალი დახვდებათ. გუდაურს დაემატა ახალი 4 კმ-იანი ტრასა. შედეგად, ტრასების ჯამური სიგრძე 80 კმ გახდა. ბაკურიანს კი დიდველის არეალში 3 კმ-იანი ტრასა დაემატა. კურორტზე ტრასების ჯამური სიგრძე 36 კმ გახდა. კურორტ გუდაურში მიმდინარეობს 4 ახალი სალაროსა და 1 ახალი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ხდება არსებული ელ.მომარაგების ძალოვანი კაბელების გაძლიერება. კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს გეგმური სარემონტო სამუშაოები და საჩემპიონატო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
სათხილამურო სეზონის გახსნის თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია. ,,მთის ტრასების სააგენტოში“ ,,კომერსანტს’’ განუცხადეს, რომ სეზონის გახსნა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნალექსა და ყინვაზე. სააგენტოში ამბობენ, რომ სრულ მზადყოფნაში იქნებიან და როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, მაშინვე გახსნიან 2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონს.
წლევანდელი სეზონი საერთაშორისო ღონისძიებების კუთხითაც გამორჩეული იქნება. 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკისა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება. ღონისძიება დეკემბერსა და მარტში გაიმართება და ის ევრო სპორტისა და სხვა საერთაშორისო მედია პლათფორმებზე გაშუქდება, რომლებსაც დაახლოებით 50 მილიონი აუდიტორია ჰყავს.
,,მთის ტრასების სააგენტოში“ აცხადებენ, რომ საქართველოს მთის კურორტები მსოფლიოს სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილზეა. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, ვისაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად, რომელსაც უკვე მეორედ სვანეთი, კურორტი თეთნულდი უმასპინძლებს. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს.
,,მთის ტრასების სააგენტოში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მაღალი სტანდარტით ჩატარება, კი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს.
commersant.ge