სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზე დეკემბერში გაიხსნება

Goderdzi Resort

გოდერძის უღელტეხილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წელს დასრულდება. ამჟამად იქ ყველა მიმართულებით აქტიური სამზადისია ზამთრის სეზონისთვის,- ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე კურორტ გოდერძიზე 1000-ზე მეტი განთავსების ადგილია, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 

,,ევროპის კურორტებს უკვე აქვთ ბუნებრივი თოვლის გამოწვევა, ჩვენ კი სიამაყით შეგვიძლია თქმა, რომ კურორტი გოდერძი ამ მხრივაც გამორჩეულია. სათხილამურო სეზონი ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა არის 4 სეზონის ტურისტული მიმართულება. არის რიგი გამოწვევები ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიმართულებით, თუმცა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთადაც.მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაჭახელას ხეობა. თუ ავიღებთ 2015 წელს, როცა მთაში ბილიკების განვითარება დავიწყეთ, მაშინ მაჭახელას ხეობაში სულ 66 ვიზიტი ხორციელდებოდა, 2024 წელს კი უკვე 40 ათასს აღემატება. ამასთან, სულ 4 ტურისტული ობიექტი არსებობდა, წელს კი 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტია, სადაც ვიზიტორებს სრულფასოვან მომსახურებას უწევენ. ინფრასტრუქტურის განვითარება არის პროცესი, სჭირდება გარკვეული დრო და რა თქმა უნდა, ეს აჭარის მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს”,- აღნიშნა თინათინ ზოიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.

commersant.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print