საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%). ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, რაც შეეხება სასტუმროების ფასებს საქართველოში, 2023 წლის განმავლობაში სასტუმროების ფასები საქართველოში 2022 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით მცირდებოდა. თუმცა კლება ძირითადად 5- ვარსკვლავიან კატეგორიაში ფასების შემცირებამ განაპირობა (საშუალოდ, წინა წელთან შედარებით-4%).
დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების საშუალო ფასი კი გაიზარდა, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროების (9%) და 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში (4%).
„სასტუმროების ფასები საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება. ფასის მნიშვნელოვანი სეზონური მატება შეიმჩნევა მაისი-სექტემბრის პერიოდში, ხოლო უფრო მცირე მასშტაბით დეკემბერი-მარტის შუალედში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონს მიაღწია, რაც 31%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. თუმცა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა კვლავ პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბალია და 2019 წლის მთლიანი მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის ნელი ტემპით აღდგენა, შესაძლოა, განპირობებული იყოს საქართველოში ტურისტული სერვისების ფასებისა და ხარისხის შეუსაბამობით, განსაკუთრებით თურქეთთან შედარებით.