„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ წარმოადგენს ისტორიულ და მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანია ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენა, წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება. პროექტის ფარგლებში, ვიზიტორებს „კურორტ საირმეში“ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ირმები არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურად მოწყობილ საშენებში, არამედ ბუნებრივ გარემოშიც.
პროექტის განსახორციელებლად, ინვესტორი კომპანია გეგმავს არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირებას 5 წლის განმავლობაში. ძირითადი მიზნები მოიცავს:
- ეკოსისტემის აღდგენა და დაცვა – ტყის დაცვა და მონიტორინგი
- წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების გამრავლება – კავკასიური კეთილშობილი ირმისა და არჩვის ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნება
- ეკოტურიზმის განვითარება – ვიზიტორებისთვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა
- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა – დასაქმების შესაძლებლობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა.
ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

წითლენუსხაში შესული კოპლებიანი კალმახის ქვირითი
ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად, აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

Sairme Recreational Farm / საირმეს რეკრეაციული ფერმა
ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია. 13 000 ჰექტარი ტყის უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. თუმცა, ცხადია, ტერიტორიით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი შეუზღუდავად შეძლებს.
პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წითელ ნუსხაში შესული, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში გაშვება. მათ შორის არის კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი.

კავკასიური კეთილშობილი ირები (Cervus Elaphus) და არჩვების (Rupicapra Rupicapra)
ჩვენი მიზანია, საირმეს დავუბრუნოთ ირემი, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 90-იან წლებში მრავლად იყო. ამისთვის მოეწყობა საშენები, საიდანაც ცხოველებს ბუნებრივ გარემოში გავუშვებთ. გვჯერა, რამდენიმე წელიწადში საირმეში ირმების ხილვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა“.
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი. დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.
ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის – საკვების შეტანა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.
გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

კეთილშობილი კავკასიური ირემი – წითელი წიგნით დაცული სახეობა – (Cervus Elaphus)
პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია.

რეინჯერებს გადაეცემათ შიდა გადაადგილების საშუალებები -კვადროციკლები, ცხენები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. ამასთანავე, ისინი შესაბამისი ბრენდირებული ფორმებით იქნებიან წარმოდგენილნი. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. ფერმისთვის უკვე შეძენილია მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი და ბაგის ტიპის 2 ავტომობილი.
მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

ალპური არჩვი (Rupicapra rupicapra) – ეს ულამაზესი არსება შედარებით გავრცელებულია, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში მათი რაოდენობა საფრთხეშია ბრაკონიერობის გამო.
გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.
ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც პროექტში არიან დასაქმებულნი
სტატია მოამზადა travelnews.ge – bp.ge – სა და კურორტ საირმის ოფიციალური გვერდზე დაყრდნობით.