მტკვარზე გასეირნებას მალე გემით შეძლებთ

restorani tivi

რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს მალე ახალ სერვისს შესთავაზებს. ოქტომბრის ბოლოდან მსურველებს მტკვარზე გემით გასეირნების საშუალება ექნებათ. 30 ადამიანზე გათვლილი გემი საქართველოში შეიძინეს. ახლა მისი ტექნიკური და ვიზუალური ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. პროცესი დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება და გემი მტკვარში ოქტომბრის ბოლოს გაცურავს.

ახალ სერვისთან ერთად, რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს პირველად ელექტრონული გიდის მომსახურებასაც შესთავაზებს. გემზე 2 ელექტრონული გიდი მონტაჟდება, რომელთა მეშვეობითაც მტკვარზე გასეირნების დროს თბილისის შესახებ უამრავ ისტორიასა და ინფორმაციას მოისმენთ. დახურული გემი აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით. მდინარეზე გასეირნების დროს კი არაალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებენ.

ინიციატივა რესტორან ,,ტივის’’ თანადამფუძნებელს ნიკოლოზ კორკოტაძეს ეკუთვნის. ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მტკვარზე დიდ ჯგუფებს ერთად გაცურვის საშუალება არ აქვთ, რის გამოც მან გემის შეძენა და ახალი სერვისი დანერგვა გადაწყვიტა.

,,ვავითარებთ ამ სერვისს, რადგან გვინდა ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად მოვიზიდოთ, ასევე გვსურს მტკვარს პოპულარიზაცია გავუწიოთ. რაც შეეხება უშუალოდ გემის დამატებას, ეს განპირობებულია იმით რომ დღეს დიდი ჯგუფების მიღება არ შეგვიძლია და დიდი მცურავი საშუალების დამატებით ამ პრობლემას მოვაგვარებთ. უფრო მეტ ადამიანს ერთდროულად შეეძლება ამ მაგარი ტურით ისარგებლოს. ზოგადად, დღეს მტკვარზე რა მცურავი საშუალებებიც დაცურავს, ჩემი აზრით, არ არის ვიზუალურად შესაფერისი თბილისისთვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვეძინა გემი და უკეთესი მცურავი საშუალებით გაგვესეირნებინა როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები.’’აცხადებს ნიკოლოზ კორკოტაძე.

ცურვის მარშრუტი სიონის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, რესტორან ,,ტივის’’ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ცურვა მშრალ ხიდამდე გაგრძელდება და ორთაჭალის ჰესთან დასრულდება. ბილეთების შეძენა მსურველებს ,,tkt.ge’’-ზე და ,,biletebi.ge’’-ზე შეეძლებათ. დაჯავშნა ასევე შესაძლებელი იქნება რესტორან ,,ტივი’’-ს Instagram და facebook გვერდების მეშვეობით.  

,,ტურისტებისთვის მომსახურების ფასი 35 ლარია, ხოლო ადგილობრივებისთვის 25 ლარი. ეს განპირობებულია იმით, რომ გვინდა წავახალისოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მათ ეს სერვისი გამოიყენონ. ოქტომბრის შუა პერიოდიდან დავიწყებთ სერვისის მიწოდებას.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ნიკოლოზ კორკოტაძე.

commersant.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები