“მომავალ წელს ბათუმამდე მთლიანად გაიხსნება ავტობანი”

avtobani

საქართველომ უნდა გააძლიეროს მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაა.

„პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ავტომაგისტრალებზე. 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტობანი, მაგისტრალი იყო აშენებული ჩვენს ქვეყანაში. თავიდან ბოლომდე მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დაგვხვდა, თან ეს იყო ყველაზე იოლი მონაკვეთი მშენებლობისთვის. მას შემდეგ ძალიან ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და უკვე მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალი, ე.წ. ავტობანი.

მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი. დაგვრჩება ერთი მცირე მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც დაემატება 2-ზოლიანი მონაკვეთი და აქაც, საბოლოო ჯამში, მაგისტრალი გახდება ოთხზოლიანი. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს მომავალში.

ასევე დაიწყება ბათუმი-სარფის საკმაოდ რთული მონაკვეთის მშენებლობა, ესეც არის პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვმუშაობთ ანაკლიის პორტის განვითარებაზე, დაგვჭირდება საგანგებო გზის გაჭრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დაგეგმილია აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულება, აქაც საუბარია ოთხზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე, რაც შეეხება კახეთის მონაკვეთს, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, გაიხსნა რამდენიმე დღის წინ და დასრულდება 2028 წლის ჩათვლით, მომავალ წელს უკვე დასრულდება ბადიაურამდე მონაკვეთის მშენებლობა.

ამის შემდეგ უკვე დაიწყება შემდეგი, ჩალაუბნამდე მონაკვეთის მშენებლობა. რაც შეეხება ჩალაუბნიდან თელავამდე დამაკავშირებელ გზას, მნიშვნელოვანი მონაკვეთი – ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი უკვე გახსნილია. ასევე დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც ამ ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიწყება და დასრულდება, ბოლომდე იქნება მიყვანილი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისა და რუსთავის დაკავშირებისთვის.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები