“მილიონობით დოლარის ჯავშნები გაუქმდა, კურორტი აბსოლუტურად ცარიელია”

Resort Gudauri

წლევანდელი სეზონი გუდაურისთვის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა – ამის შესახებ  მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა, მირანდა ესაკიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან კურორტი ტურისტებს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას მირანდა ესაკია აღნიშნავს, რომ წელს გუდაური, პრაქტიკულად, ნაგავს მიჰქონდა. გარდა ამისა, კვლავ ვერ მოწესრიგდა პარკირების სისტემა, რის გამოც დამსვენებლებს რამდენიმე საათიან საცობებში დგომა უწევდათ.

„ბიზნეს ასოციაციამ გამოითხოვა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა მთის კურორტების ანგარიშებთან დაკავშირებით და წელს ამას უფრო დეტალურად ჩავეძიებით. გუდაური არის ერთადერთი კურორტი, რომელიც მოგებაზე გადის, აქ რამდენიმე მილიონზეა ლაპარაკი. გუდაურის ბიუჯეტით ფინანსდება სვანეთიც, გოდერძიც და ბაკურიანიც. ამდენად, თანხა, რომელსაც გუდაური გამოიმუშავებს, გუდაურშივე რომ რჩებოდეს, ის პრობლემები, რაც კურორტს აქვს, გზის დაგების, ნაგვის გატანის, არ ექნებოდა. შესაბამისად, წელს ვაპირებთ, რომ ისევ მივმართოთ სახელმწიფო აუდიტს და კურორტის მართვის ალტერნატიული სისტემა შევთავაზოთ ეკონომიკის სახელმწიფოს. გუდაური არის ორად გაყოფილი – ერთი ნაწილი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე – ყაზბეგის მუნიციპალიტეტს.

პასუხისმგებლობა იმდენად გაფანტულია, ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. აქედან გამომდინარე, გვინდა მივმართოთ სახელმწიფოს, რომ წელს გუდაური ჩამოყალიბდეს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, რათა ის თანხები, რასაც კურორტი გამოიმუშავებს, აქვე დარჩეს და ისიც ვიცოდეთ, ვის მოვთხოვოთ პასუხი“, – აცხადებს მირანდა ესაკია.

მისივე თქმით, ყოველ წელს გუდაურში სულ უფრო იკლებს მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი და ყოველწლიურად ბიზნესის შემოსავლები 15-20%-ით იკლებს. თუმცა ამჯერად კურორტს გაცილებით სერიოზული პრობლემები შეექმნა – ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ფაქტობრივად, ყველა ჯავშანი გაუქმდა.

„სავსე კურორტი უცბად, სულ ერთ დღეში დაიცალა და ყველა ჯავშანი, მილიონობით დოლარის ჯავშნები გაუქმდა, კურორტი აბსოლუტურად ცარიელია“, – ამბობს მირანდა ესაკია.

commersant.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print