მესტიაში ბევრი სასტუმრო გაიხსნა და კონკურენციაც გაიზარდა

mestia

საკმაოდ ბევრი სასტუმრო გაკეთდა მესტიაში და კონკურენციას ვეღარ ვუწევთ,“- ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იკლო იმ უცხოელი ტურისტების რაოდენობამ, რომლებსაც სასტუმროს მომსახურება სჭირდებათ. ამასთან, ნათია ნაცარაშვილის განცხადებით, მათი ახალი გეგმა ქართველ სტუმრებზე აქცენტის გაკეთება იქნება.

„ვერ ვიტყვი, რომ კარგი სეზონი გვქონდა, უფრო ნორმალური. არ ვიცი, როდის დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რაც პანდემიამდე იყო. არ შემოდის ბევრი ხალხი. ფეხით მოსიარულე უცხოელები სასტუმროში ფულს არ ხარჯავენ, ურჩევნიათ იაფი მომსახურება მიიღონ. ტურისტულ კომპანიებს კი უფრო ასაკოვანი ადამიანები შემოჰყავთ, მათ სასტუმრო, კვება, მანქანების მომსახურება სჭირდებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, პანდემიის შემდეგ, ეს ხალხი აღარ არის.

ამას დამატებული, საკმაოდ ბევრი სასტუმრო გაკეთდა მესტიაში და კონკურენციას ვეღარ ვუწევთ. იმიტომ, რომ მათ ახალი სასტუმროები აქვთ და ჩვენ, ჩავარდნილ პერიოდში, შესაბამისი რემონტის გაკეთებაც ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ისეთი მოთხოვნა აღარ არის, როგორც პანდემიამდე.

ზამთარში, ახალ წლებზე, დატვირთვა 14-15 დღეა. ამ პერიოდში, შეიძლება, 100%-იანი დატვირთვა იყოს. ზამთარში მეტი ჯავშნები არ არის. ზაფხულში ალბათ, საშუალოდ, 40-50%-ით ვიყავით შევსებული. იყო დღეები, როცა საერთოდ არავინ გვყავდა, ზოგჯერ კი მთლიანად შევსებული იყო,“ – ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

მისი თქმით, ასეთ პირობებში, სასტუმროს უკვე 3 წელზე მეტია ერთი და იგივე საფასო პოლიტიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების ღირებულება სულ უფრო მზარდია.

„მესამე-მეოთხე წელია ფასი ვერ გავზარდეთ. მეტიც, პანდემიის პერიოდში ძალიან დაბალ ფასზე ჩამოვედით, რათა სასტუმროს უბრალოდ გაეგრძელებინა ფუნქციონირება. ახლა ისევ 150 ლარია 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება, საუზმით. ვერ ვზრდით თანხას, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ფასი იზრდება.

ზოგადად, ძალიან რთულია სასტუმროს შენახვა, მითუმეტეს, იმ სასესხო ვალდებულების პირობებში, რომელიც გვაქვს. ვფიქრობთ, კონკურენცია რომ გავწიოთ, აუზი უნდა დაემატოს სასტუმროს და ვაპირებთ, ქართველ სტუმრებზე გადმოვერთოთ, რადგან ისინი ოთხივე სეზონზე სტუმრობენ სვანეთს. უცხოელები მხოლოდ ზამთარ-ზაფხულს არიან. უბრალოდ, პანდემიის პერიოდში სესხს ვერ ვიხდიდით და პრობლემურში ვიყავით გადაცემული. ეს გამოვასწორეთ, მაგრამ ამან იმხელა პრობლემა შექმნა, 50-ლარიან განვადებასაც არ მიმტკიცებენ. ამიტომ როგორ მოვახერხებთ სასტუმროს კიდევ უფრო განვითარებას, არ ვიცი. იმედია, სასიკეთო ცვლილებები იქნება,“- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia პანდემიის პერიოდიდან ინვესტორის მოლოდინში იყო. სასტუმროს გასხვისების მიზეზი, პანდემიით მიყენებული ზარალი და საბანკო ვალდებულებები გახდა. თუმცა, როგორც ნათია ნაცარაშვილი ამბობს, Hotel Mountain Mestia სხვა ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის წყალობით გადარჩა.

bpn.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები