დუბაიში, ნოემბერში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო – Ciel Dubai Marina, Vignette Collection – გაიხსნება. 377 მეტრი სიმაღლის 82-სართულიან შენობაში 1004 ნომერი და ლუქსი განთავსდება. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო შენობა იქნება, სადაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღლა განთავსებული უსასრულო აუზი (infinity pool) მოეწყობა.
სასტუმროს მართვას კომპანია The First Group Hospitality უზრუნველყოფს, რომლისთვისაც ეს პროექტი ყველაზე ამბიციურია.
Ciel Dubai Marina, Vignette Collection მდებარეობს Palm Jumeirah-ის რაიონიდან და ემირატის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ის ახლოსაა JBR-ის პლაჟის ზონასთან და Bluewaters-ის გასართობ პარკთან. სასტუმროდან პირდაპირი წვდომაა Marina-ს სანაპიროზე, სადაც წყლის ტაქსები მოძრაობენ, ასევე Dubai Marina Mall-ის სავაჭრო ცენტრზე.
ნემსის ყუნწის ფორმის შენობა კანადურმა არქიტექტურულმა კომპანია Norr-მა დააპროექტა. ყველა ნომერი და ლუქსი აღჭურვილია პანორამული ფანჯრებით, საიდანაც იშლება ხედი Palm Jumeirah-ის კუნძულზე, სპარსეთის ყურესა და ქალაქის პეიზაჟზე.
სასტუმროს ტერიტორიაზე რვა რესტორანი იქნება. West 13 სტუმრებს ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს შესთავაზებს, East 14 კი აზიურ სამზარეულოზე იქნება სპეციალიზებული. ასევე გაიხსნება კაფე და საცხობი Risen, ხოლო Tattu-ში, რომელიც მრავალდონიანი რესტორან-ბარია, თანამედროვე ჩინურ და იაპონურ კერძებს მოამზადებენ.
61-ე სართულზე განთავსდება სპა-ცენტრი, 24-საათიანი სპორტული დარბაზი კი პანორამული ხედებით იქნება აღჭურვილი. 76-ე სართულზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი უსასრულო აუზი განთავსდება, ხოლო 81-ე სართულზე – Sky Lounge & Terrace.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრები Soluna Beach Club-ის პლაჟზე, რომელიც 15 წუთის სავალზეა, უფასო ტრანსფერით ისარგებლებენ. ასევე, სასტუმროში გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
avianews.fe


