კლიმატის ცვლილების შედეგად, უახლოეს ათწლეულებში ფრენის დროს ტურბულენტობის სიხშირე და სიმძაფრე გაიზრდება. გაერთიანებული სამეფოს რედინგის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამ მოვლენის არაპროგნოზირებადობის გამო, მგზავრებს მოუწევთ, უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ უსაფრთხოების ღვედებით შეკრულები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტურბულენტობა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაძლიერდა, რაც გავლენას ახდენს საკრუიზო სიმაღლეებზე საჰაერო ნაკადებზე.
ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გლობალურ საჰაერო მარშრუტზე – ჩრდილოეთ ატლანტიკისთავზე – ძლიერი ტურბულენტობა უკვე 55%-ით გაიზარდა და წელიწადში თითქმის 30 საათს შეადგენს (2020 წლის მონაცემებით). ზომიერმა ტურბულენტობამ 37%-ით მოიმატა (96 საათი), ხოლო სუსტმა – 17%-ით (547 საათი).
კვლევის წამყვანი ავტორის, ჯოანა მედეიროსის თქმით, ქარის გაძლიერებული ძვრა და სტაბილურობის შემცირება ხელსაყრელ პირობებს ქმნის „მოულოდნელი, უხილავი რყევებისთვის“, რაც ცნობილია როგორც „ტურბულენტობა წმინდა ცაზე“. ეს მოვლენა, ქარიშხლით გამოწვეული ტურბულენტობისგან განსხვავებით, რადარზე არ ჩანს, რაც პილოტებისთვის მის თავიდან აცილებას ართულებს.
ჟურნალ „Journal of the Atmospheric Sciences“-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატიის თანახმად, პრობლემა გავლენას მოახდენს ფრენებზე მთელ მსოფლიოში, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში. ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფის მოცულობის მიუხედავად, ქარის ძვრა (მიმართულების მკვეთრი ცვლილება) 2015-დან 2100 წლამდე 16-27%-ით გაიზრდება, ხოლო ატმოსფეროს სტაბილურობა 10-20%-ით შემცირდება.
ამერიკული Research Applications Laboratory-ის მონაცემებით, ტურბულენტობის შედეგები ავიაკომპანიებს ყოველწლიურად $150–500 მილიონი უჯდებათ. მონრეალის კონვენციის თანახმად, გადამზიდველები ეკისრებიან იურიდიულ პასუხისმგებლობას მგზავრების დაზიანებებსა და ოპერაციულ შეფერხებებზე.
Flightradar24-ის მონაცემებით, Delta-ს ბოლოდროინდელ ტრანსატლანტიკურ რეისზე სოლტ-ლეიკ-სიტიდან ამსტერდამამდე, სიმაღლის მკვეთრი ცვლილების გამო, ბორტზე მყოფი მგზავრების თითქმის 10%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 2024 წლის მაისში კი Singapore Airlines-ის ლაინერი ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. მაშინ ავიაკომპანიამ ბორტზე მყოფ ყველა მგზავრს თანხა დაუბრუნა და კომპენსაცია გადაუხადა.
ავიანიუსი


