ირან-ისრაელის ომის ფონზე ჯავშნების გაუქმების ტენდენცია დასრულდა, მიმდინარეობს ჯავშნების აღდგენა, – ამის შესახებ HSC Group Hospitality დირექტორმა გიორგი დოლიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის ტურიზმის სტატისტიკაში ისრაელს დაახლოებით, 25-30% უჭირავს.
“მაისში 87%-იანი დატვირთულობა გვქონდა, ხოლო ივნისში ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ ეს მაჩვენებელი 95%-მდე უნდა გვქონოდა. ბოლო პერიოდში ირან-ისრაელის ფონზე იყო მყისიერი გაუქმებები და სავარაუდოდ, ჩვენი ვარაუდით, დარჩენილი რეზერვაციები დაკორექტირდება 80%-მდე. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ისრაელი საქართველოსთვის მოწინავე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია ტურიზმის განხრით და თბილისისა და ბათუმის ტურიზმის სტატისტიკაში ისრაელს დაახლოებით, 25-30% უჭირავს. გვიხარია, რომ ომი დასრულდა და უახლოეს ხანში გვაქვს იმის პასუხები იქიდან, რომ ეს ყველაფერი აღდგება.
ვინც ჩვენთან მოგზაურობას გეგმავდა და თანხა ჰქონდა გადახდილი, ჩვენ ეს თანხა დეპოზიტებზე დავუტოვეთ და გამოიყენებენ ამ დეპოზიტებს როგორც ივლისის, ისე აგვისტოს თვეში. გარდა ამისა, თავისთავად მოემატება ახალი რეზერვაციებით, რისი იმედიც გვაქვს”, – აცხადებს გიორგი დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა.
bp.ge