ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება. პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს. სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში – კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდა.
როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია სპექტრუმი ავითარებს სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს.
შეგახსენებთ, Ibis Styles-ი AccorHotels-ში შემავალი ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.
bp.ge