საქართველოდან უცხოეთში სამოგზაუროდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის, გაყიდული ტურისტული პაკეტების მაჩვენებელი კი, 2024 წლის პირველ 3 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 20-იდან 25- პროცენტამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა განუცხადა.
გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიების ინფორმაციით, გასულ 3 თვეში ყველაზე მოთხოვნადი ევროპის ქვეყნები იყო, ასევე ეგვიპტე, დუბაი და ისეთი ეგზოტიკური მიმართულებები, როგორებიცაა – ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები და კორეა. რაც შეეხება ზაფხულს, ჯავშნების მიღება კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ და აქაც გაყიდულ პაკეტებში ზრდის ტენდენცია იკვეთება – ყველაზე მოთხოვნადი ისევ თურქეთის მიმართულებაა, ასევე ევროპის საზღვაო კურორტები.
„მიმდინარე წლის ზაფხულში, ევროპული სახელმწიფოებიდან უპირობო ლიდერი გერმანიაა. EURO 2024-იდან გამომდინარე, წელს – მასზე როგორც ტურისტულ მიმართულებაზე მოთხოვნა გაორმაგებულია, არადა ადრე, ზაფხულის პერიოდში გერმანია პოპულარული არასდროს ყოფილა. შედეგად, გაზრდილია როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების ფასები. ჩვენი კომპანია, ჯერჯერობით, EURO 2024-ის ტურისტულ პაკეტებს არ სთავაზობს მომხმარებელს, რადგან არაბუნებრივად მაღალი ფასებია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ფეხბურთის ბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა, კომპანიებში, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, საშუალო ფასებზე უკვე საუბრობენ და ამბობენ, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების საშუალო ღირებულება 4000-5000 ლარის ფარგლებშია. საუბარია 3-4-დღიან ტურზე, რაც საკმაოდ ძვირია. თუმცა, იმედის მომცემია პრემიერის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს EURO 2024-ისთვის, გერმანიის ორი ქალაქის – კერძოდ დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით, დამატებითი ავიარეისების, დაბალი ტარიფებით უზრუნველყოფა დაავალა. თუ ავიაბილეთებზე ფასები დაიწევს, ეს EURO 2024-ის პაკეტებზე არსებულ ისედაც მაღალ მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის და საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქისთვის იქნება უზრუნველყოფილი გერმანიაში გადაადგილება, დაბალი ფასებით“, – აცხადებს ნინო წიკლაური.
მან ტურისტული პაკეტების ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მოთხოვნასთან ერთად, ისიც წლიდან წლამდე მზარდია. 2024 წლის პირველ კვარტალში ფასები, დაახლოებით, 20%-ით არის დაკორექტირებული.
როგორც ნინო წიკლაური აცხადებს, ტურისტული პაკეტების გაძვირების ტრენდი პანდემიის შემდეგ დაიწყო. მაგალითად, გასულ 2023 წელსაც 2022 წელთან შედარებით, მოგზაურობა 20%-ის ფარგლებში იყო გაძვირებული, რაც როგორც ავიაბილეთებზე ფასების მატებამ, ასევე სასტუმროების გაძვირებამ განაპირობა.