GDG ჯგუფი ქუთაისის აეროპორტთან და ვანში 4-ვარსკვლავიან სასტუმროებს 2025 წლის ზაფხულში გახსნის.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბიძინა წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტების გახსნა 2024 წელს იყო დაანონსებული, თუმცა, გლობალური კოვიდ პანდემიის გამო, სამშენებლო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო, რამაც საბოლოო ჯამში, პროექტის გახსნის გადავადება გამოიწვია.
“ქუთაისის ობიექტი თავისი კონსტრუქციით შედარებით რთულია, ფასადის მოპირკეთებას დრო დასჭირდა,”-აცხადებს წაქაძე.
მისი ინფორმაციით, ვანის სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია, რაც შეეხება ქუთაისის სასტუმროს, მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს გარედან მოპირკეთების სამუშაოები.
წაქაძის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტს გადაწყვეტილი არ აქვს, სასტუმროს მართვაში თავად დარჩება თუ საერთაშორისო ოპერატორს შემოიყვანს. როგორც ცნობილია, ორივე სასტუმროს მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი იყო დაინტერესებული, მათ შორისაა Mariott-ი, Best Western-ი და Colliers International-ი.
„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, უახლოეს მომავალში აუცილებლად გვეცოდინება რომელი ოპერატორი კომპანია შევა იმერეთის სასტუმროებში,“-აცხადებს წაქაძე.
ქუთაისის აეროპორტთან მშენებარე სასტუმროს პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის , ვანში კი 3-4 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
ქუთაისის აეროპორტთან 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. რაც შეეხება ვანში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, 45 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო, სპორტული დარბაზი და რესტორანი.
bp.ge