ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გეგმავს ტურიზმის ინდუსტრიაში მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ახალი სკოლა და პროგრამები შექმნას. იდეა და საჭიროება ქვეყანაში ბოლო წლებში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ და მისმა უზარმაზარმა პოტენციალმა განაპირობა. ინდუსტრიის ზრდის პარალელურად ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს, ამიტომ GAU-ს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სფეროს გაძლიერებისა და განვითარების ამბიციური გეგმა და ხედვა აქვს.
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით GAU პირველ ეტაპზე ქმნის და ამუშავებს მოკლევადიან პროგრამებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებს დაფარავს და ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.
პროექტის მიზანია, როგორც ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება, ასევე დასაქმებულთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების სტანდარტების ამაღლებას და გახდის მას კონკურენტუნარიანს გლობალურ ასპარეზზე.
პროგრამების შემუშავების, კურსების მიმდინარეობის, სტაჟირებისა და დასაქმების ნაწილში ჩართულები არიან კერძო სექტორის წამყვანი ორგანიზაციები. ასევე, იგეგმება აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ტურიზმისა და ენო ტურიზმის ასოციაციებთან, საჯარო სექტორთან.
პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებით:
- სასტუმროს მენეჯმენტი
- სტრატეგიული ბრენდინგი და ტურიზმის მარკეტინგი
- ტურ-ოპერირება და MICE ტურიზმი
- ღვინის ტურიზმი
პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს შორისაა ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პერსონალი ჩართულია პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. შესაბამისად კურსების, „სტრატეგიული ბრენდინგი და ტურიზმის მარკეტინგი” და „ღვინის ტურიზმი”-ს კურსდამთავრებულები მიიღებენ ერთობლივ საერთაშორისო სერტიფიკატს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტისგან.
„GAU მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სივრცეში, საბაზრო და საზოგადოებრივი რეალიზების გათვალისწინებით სასწავლო პროცესში ეფექტურად ნერგავს სიახლეებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე GAU-ს კურსდამთვრებულების მიმართ მოთხოვნა დიდია. ისინი იკავებენ წამყვან პოზიციებს კერძო და საჯარო სექტორში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიას, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სექტორია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის გენერირებაში და სოციალური კეთილდღეობის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია USAID-ის პროგრამის მხადაჭერით ტურიზმის სფეროს განვითარება, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის განვითარებაში“ – აღნიშნა GAU-ს პრეზიდენტმა და ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა.
bp.ge