ევროპის სამი საუკეთესო ქალაქი ტრანზიტული ტურიზმისთვის

Transit Tourism

Euronews-ის ცნობით, სულ უფრო მეტი ტურისტი გეგმავს მოგზაურობას ისე, რომ ტრანზიტულ ქალაქში ხანგრძლივი გაჩერება შეძლოს და იქაური ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროს.

ბევრი იაფი რეისი ხანგრძლივ გადაჯდომას ითვალისწინებს. ადრე ეს პრობლემად ითვლებოდა, თუმცა ახლა ევროპული ავიაკომპანიები სხვადასხვა აქციებს ატარებენ, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, რომ ფრენებს შორის არსებული დრო სასარგებლოდ გამოიყენონ და ტრანზიტული ქალაქები დაათვალიერონ.

კვლევითმა კომპანიამ Stasher-მა ევროპის ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასა და გამოავლინა ის ქალაქები, რომლებიც საუკეთესოა ტრანზიტული ტურიზმისთვის. კვლევაში „გადაჯდომა“ ფართო გაგებით გამოიყენება და გულისხმობს ფრენებს შორის ხანგრძლივ შუალედს, რომელიც მგზავრებს აეროპორტის დატოვების, ქალაქის დათვალიერების და შემდეგ თვითმფრინავზე დაბრუნების საშუალებას აძლევს.

ევროპის იმ მეგაპოლისებს შორის, რომლებიც კვლევაში მოხვდა, პირველი სამი ადგილი დაიკავა ბარსელონამ, ამსტერდამმა და პარიზმა. თითოეული ქალაქი შეფასდა ხუთი კრიტერიუმის მიხედვით: ღირსშესანიშნაობების რაოდენობა, სწრაფი კვების ობიექტების არსებობა, უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის დატვირთულობა და აეროპორტთან სიახლოვე.

„ტრანზიტული ტურიზმის ზრდამ მოგზაურობის სრულიად განსხვავებული სახე შექმნა. მოგზაურები ფრენებს უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ არა მხოლოდ ფასისა და დროის, არამედ იმ ქალაქების გათვალისწინებითაც, სადაც ისინი შეიძლება გაჩერდნენ“, – ამბობს ჯეიკობ ვედერბერნ-დეი, ტურიზმის ექსპერტი და კომპანია Stasher-ის გენერალური დირექტორი.

საუკეთესო ქალაქები ტრანზიტული ტურიზმისთვის

1. ბარსელონა, ესპანეთი

ბარსელონა ტრანზიტული ავიამგზავრობისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა და 100 შესაძლებელი ქულიდან 99.23 დააგროვა. ესპანეთის ამ ქალაქზე მოდის 227 საერთაშორისო ავიარეისი, ხოლო ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე 245 ღირსშესანიშნაობაა. 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმი აქ 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე წელია, ყველაზე მეტი სტუმარი აშშ-დან ჩადის.

2. ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამსტერდამმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა და 96.15 ქულა დააგროვა. ნიდერლანდების დედაქალაქმა უმაღლესი ქულა მოიპოვა შედარებით მაღალი უსაფრთხოების დონისა და აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე უმოკლესი მანძილის გამო. იქ მატარებლით სულ რაღაც 15 წუთში შეიძლება ჩასვლა.

3. პარიზი, საფრანგეთი

სამ საუკეთესო ქალაქს პარიზი ასრულებს, რომლის მაჩვენებელიც 90.12-ია. საფრანგეთის დედაქალაქი საუკეთესოა კულტურული პროგრამის თვალსაზრისით: აქ ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე 350.6 ღირსშესანიშნაობა და 43 რესტორანია.

რეიტინგში ბოლო ადგილი რომმა დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 53 ქულა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის დედაქალაქი 249 საერთაშორისო მიმართულებას აკავშირებს.

მადრიდმა, რომელიც რეიტინგში მეხუთე ადგილზე გავიდა, ქულები მოიპოვა ყველაზე ნაკლებად დატვირთული გზების გამო.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print