ენგურჰესის ტურისტული ატრაქციის მიმართ დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა იზრდება. „ენგური ატრაქციის“ დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კომპანიებს ამ ტურისტულ ობიექტზე ინვესტიციების განხორციელება სურთ, რაც, ვიზიტორების მზარდმა ნაკადმა განაპირობა.
„სანამ ვიზიტორები არ გვეყოლებოდა ის რაოდენობა, როდესაც გამართლებული იქნებოდა ნებისმიერი ინვესტიციის ჩადება, დიდი თანხების მოზიდვა გაუმართლებელი იყო. ჩვენ 2 წელიწადში 120 ათას ვიზიტორზე მეტი გვყავდა, ამიტომ, ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ ზიპლაინის მოწყობის საკითხზე უკვე გამოჩნდა დაინტერესებული კომპანია, რომელთანაც დავასრულეთ მოლაპარაკებები. ის დაიწყებს პროექტირების პროცესს და მომავალი წლის გაზაფხულზე ენგურჰესზე ზიპლაინი იქნება. ასევე, შემოვიდა კერძო კომპანია და წელს კედელზე ცოცვის ატრაქცია გაეშვება. ნელ-ნელა, ვიზიტორების ზრდასთან ერთად, ინვესტირების ინტერესი იმატებს“ – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე ცნობით, ვიზიტორების მხრიდან დაინტერესება იზრდება – შარშანდელთან შედარებით, ზრდა 40%-ია. გაზრდილია სკოლების მხრიდან ინტერესიც – ენგურჰესს წელს 15 სკოლა სტუმრობდა.
„გვაქვს სამი ტიპის მარშრუტი: საფეხმავლო – სადაც შედის კაშხალზე გადახედვა, კინოთეატრი და გალერეა – სადაც ქეთი მელქაძის მიერ სამშენებლო ბადით შესრულებული ნამუშევრებია გამოფენილი. მეორე ტური დამატებით, გულისხმობს გიდით და ავტობუსით კაშხალზე გადასვლას, სადაც წყალმიმღებში ათვალიერებენ ნაგებობას და ეცნობიან მუშაობის სპეციფიკას. მესამე ტური კი, ყველაზე გრძელია და 2 საათ-ნახევარი გრძელდება. ის მოიცავს კაშხალში დისკური ფარების შენობაში ვიზიტს, კაშხლის ტანში 315-ე დონეზე ასვლას, სადაც მთელი რიგი ინსტალაციებია გაკეთებული.
არსებულ მარშრუტებში ახალი ადგილები ეტაპობრივად ემატება. მაგალითად, წელს გაიხსნება გალერეა და წარმოდგენილი იქნება პეტროგლიფები, ანუ, ქვის ხელოვნება, სადაც ერთიანად ვუყრით თავს საქართველოში აღმოჩენილ პეტროგლიფებს. ამასთან, გვაქვს ახალი შენობა – მომზადდა კონცეფცია და ახლა ტექნიკურ საკითხებზე ვართ გადასული. გაიხსნება პატარა მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება კაშხლების მშენებლობის ისტორია“ – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
ამასთან, მისივე ცნობით, „ენგური ატრაქცია“ აშშ-ს ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს – ამ ცნობილ კაშხალს წელიწადში 8 მლნ ვიზიტორი ჰყავს. USAID-ის და აშშ-ს საელჩოს დახმარებით, წელს ენგურჰესზე მათი ვიზიტი იგეგმება. ჰუვერის კაშხლის წარმომადგენლები ქართულ მხარეს ვიზიტორების მართვისა და უსაფრთხოების საკითხებში რეკომენდაციებით ეხმარებიან.