City Development-ი შაორზე, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვას დაახლოებით, 1 თვეში ელოდება, – – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, შაორის განაშენიანების გეგმის დამტკიცება გარკვეულ გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
“ველოდებით, საბოლოო დოკუმენტაციებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზად გვაქვს. ძალიან გვინდა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 20 მლნ. დოლარი იქნება”, – აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.
City Development-ის დირექტორის ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსით დაინტერესებულია ძალიან ბევრი სასტუმრო, რომელთა შორის არიან საერთაშორისო ბრენდებიც, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, რომელი ოპერატორი შევა კომპლექსის მართვაში.
ცნობისთვის, კომპლექსის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100 ნომრიანი, რეზორტის ტიპის სასტუმრო განთავსდება. ასევე, ადგილზე განთავსდება აუზები, სპა, რესტორანი და სხვა გართობისა და დასვენების სივრცეები. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც ოთხსართულიანი იქნება, შაორის ტბის სანაპირო ზოლზე 3 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები დაწყებიდან, სავარაუდოდ, სამ წელში დასრულდება.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. შედეგად, 2024 წლის 3 ივლისს დამტკიცებული მთავრობის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები.
BP.GE