ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი 2027 წლის 1 იანვრიდან კანონით გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება.

საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ტურისტებს გიდის მომსახურებას, ტურების ორგანიზებას ან ტურისტული მომსახურების დაჯავშნასა და გაყიდვას სთავაზობენ.

ვის ეხება ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში?

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11¹ მუხლის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა სამი კატეგორიისთვის:

  • ტურისტული გიდები – პირები, რომლებიც ტურისტებს გიდის მომსახურებას უწევენ;
  • ტუროპერატორები – პირები და კომპანიები, რომლებიც ტურისტულ პაკეტებს ქმნიან და ტურისტულ მომსახურებებს აერთიანებენ;
  • ტურისტული სააგენტოები (ტურაგენტები) – პირები და კომპანიები, რომლებიც ტურისტულ მომსახურებებს ყიდიან ან ტურისტებს შესაბამისი მომსახურების შეძენაში ეხმარებიან.

რეგისტრაციის მიზანია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შესაბამისი ბაზის წარმოება.

კანონის მიხედვით, საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია წერილობით უნდა მიეწოდოს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ Travel News-ის ადრინდელ მასალას: გიდების სავალდებულო რეგისტრაცია ტურიზმის ბაზარს ცვლის.

ტურისტული გიდების რესგისტაცია და ჯარიმები 2027 წლიდან

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ შესაბამისი მომსახურების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას.

კერძოდ:

  • პირველი დარღვევა – 500 ლარი;
  • იგივე დარღვევის განმეორებით ჩადენა – 1 000 ლარი.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სანქციები 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტებისთვის რეგისტრაციის ვალდებულება უკვე მოქმედებს, ხოლო ჯარიმების ამოქმედებამდე დარჩენილი დრო მათ შესასრულებლად უნდა გამოიყენონ.

ტურიზმის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ დამატებით შეგიძლიათ წაიკითხოთ Travel News-ის სტატია: ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე – რა იცვლება ტურიზმის კანონში.

როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია?

ტურისტული გიდების რეგისტრაცია სავალდებულო პროცედურაა, რომლის გავლაც გიდებს ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ.

რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე.

რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზა – რეგისტრაცია

პროცესის გასამარტივებლად ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს ვიდეოინსტრუქციასაც სთავაზობს:

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდს.

ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ სრულ რედაქციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე, სადაც მოცემულია რეგისტრაციისა და პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა?

ტურისტული საქმიანობის სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ, ექვემდებარება თუ არა მათი საქმიანობა რეგისტრაციის მოთხოვნას, და საჭიროების შემთხვევაში დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურისტული გიდის სერტიფიცირება და ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სხვადასხვა საკითხია. მოქმედი კანონის თანახმად, ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, ხოლო ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა.

ტურიზმის სექტორში საქმიანობის სამართლებრივი მოთხოვნების ცოდნა და მათი დროული შესრულება მნიშვნელოვანია როგორც მომსახურების მიმწოდებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის და მთლიანად საქართველოს ტურისტული ბაზრის გამართული ფუნქციონირებისთვის.

Travel News ტურიზმის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან სიახლეებს მუდმივად გაგაცნობთ.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print