მიგრაციის კონტროლი ევროპაში – რა იცვლება 12 ივნისიდან?

migraciis kontroli evropashi

2026 წლის 12 ივნისიდან, ევროკავშირში სრულად ამოქმედდება მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი ევროპული შეთანხმება, რომელიც 27-ვე წევრ სახელმწიფოში ერთიან წესებს აწესებს იმიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნების მართვისთვის.

რეფორმის მიზანია, თავშესაფრის ევროპული სისტემის უფრო ეფექტიანი და ერთგვაროვანი ფუნქციონირება, ევროკავშირის გარე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერება და წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.

კონკრეტულად რა იცვლება მიგრანტებისთვის?

• სავალდებულო შემოწმება ევროკავშირში შესვლისას

პირები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შედიან, გაივლიან წინასწარ შემოწმებას. მოხდება მათი იდენტიფიკაცია, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ასევე ბიომეტრიული მონაცემების, თითის ანაბეჭდების აღება და ფოტოსურათების გადაღება.

• თავშესაფრის მოთხოვნის დაჩქარებული განხილვა

ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი დაბალია, განაცხადების განხილვა პირდაპირ საზღვარზე, დაჩქარებული წესით მოხდება.

• საზღვართან განთავსებულ სპეციალურ ცენტრებში დარჩენის ვალდებულება

დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში მიგრანტებს შესაძლოა მოუწიოთ სპეციალურ მიმღებ ცენტრებში დარჩენა, ვიდრე მათი საქმის განხილვა დასრულდება.

• გადაადგილების უფრო მკაცრი კონტროლი

გაძლიერდება ევროპული მონაცემთა ბაზა Eurodac, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდება. ეს ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, უკეთ გააკონტროლონ მიგრანტების გადაადგილება წევრ სახელმწიფოებს შორის.

• ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილება

მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი, სხვა წევრი სახელმწიფოები დახმარებას გაუწევენ. დახმარება შეიძლება გამოიხატოს თავშესაფრის მაძიებელთა გადანაწილებით, ფინანსური მხარდაჭერით ან ტექნიკური და ოპერატიული დახმარებით.

• დეპორტაციის პროცედურების გამკაცრება

ევროკავშირი გეგმავს გაამარტივოს და დააჩქაროს იმ პირების დაბრუნების პროცედურები, რომლებმაც საბოლოოდ უარი მიიღეს საერთაშორისო დაცვაზე.

• ერთიანი წესები მთელ ევროკავშირში

რეფორმის მიზანია შემცირდეს განსხვავებები წევრი ქვეყნების თავშესაფრის სისტემებს შორის და ყველგან მსგავსი პროცედურები მოქმედებდეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი სისტემა არ აუქმებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას, რომელიც საერთაშორისო და ევროპული სამართლით არის გარანტირებული. მიგრანტებს კვლავ შეეძლებათ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა, თუმცა შეიცვლება ამ მოთხოვნების განხილვის პროცედურები და მართვის მექანიზმები.

ევროკომისიის შეფასებით, ახალი სისტემა მიგრაციული ნაკადების უფრო ორგანიზებულ და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. თუმცა, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ნაწილი შიშობს, რომ დაჩქარებულმა პროცედურებმა შესაძლოა თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი გარანტიები შეასუსტოს.

ახალი სისტემის ამოქმედება ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევა ბოლო წლების განმავლობაში. უახლოეს თვეებში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ახალი სისტემა უსაფრთხოების, მიგრაციული პროცესების მართვისა და ადამიანის უფლებების დაცვის შორის ბალანსის შენარჩუნებას.


რაც შეეხება ევროპაში უკვე მყოფი არალეგალური სტატუსის მქონე უცხოელებისთვის ახალი პაქტი 12 ივნისიდან ავტომატურად არც მასობრივ დეპორტაციებს ნიშნავს და არც მათი სტატუსი იცვლება ერთ დღეში. თუმცა, გარკვეული პროცედურები შესაძლოა გამკაცრდეს:

  • იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია უფრო მარტივი გახდება – თუ პირი სამართალდამცავების ან სხვა ორგანოების კონტროლის ქვეშ მოხვდება, მისი მონაცემების ევროპულ ბაზებთან შედარება უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება.
  • დაბრუნების (დეპორტაციის) პროცედურები უფრო კოორდინირებული გახდება – ევროკავშირი ცდილობს გაამარტივოს იმ პირების სამშობლოში დაბრუნება, რომლებმაც საბოლოოდ დაკარგეს ევროპაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი.
  • ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე კონტროლი გამკაცრდება – არალეგალური სტატუსის მქონე პირების გამოვლენა სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მარტივი იქნება.
  • რამდენიმე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის წარდგენა გართულდება – მონაცემთა ბაზების გაძლიერების შედეგად უფრო ადვილი გახდება იმის დადგენა, სად და როდის იყო პირი უკვე რეგისტრირებული.

მნიშვნელოვანია სხვადასხვა შემთხვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა:

  • ვისაც მოქმედი ბინადრობის ნებართვა აქვს, მისთვის პრაქტიკულად არაფერი იცვლება.
  • ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა განხილვის პროცესში აქვს, კვლავ ინარჩუნებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს.
  • ვისაც საბოლოო უარი აქვს მიღებული და ევროკავშირში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, შესაძლოა უფრო მეტად დაექვემდებაროს დაბრუნების პროცედურებს.
  • ვინც წლებია ევროკავშირის ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, 12 ივნისიდან ავტომატურად დეპორტაციას არ ექვემდებარება, კვლავ მოქმედებს კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობა და ევროპული სამართლის გარანტიები.

„ევროპული მიგრაციის ახალი სისტემა ავტომატურად არ ცვლის ევროკავშირში უკვე მყოფი არალეგალური მიგრანტების სტატუსს, თუმცა მიზნად ისახავს მათი იდენტიფიცირების პროცესის გამარტივებას და იმ პირების დაბრუნების პროცედურების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რომლებსაც ევროპაში დარჩენის უფლება არ აქვთ.“

წყარო: ermes.tv

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print