ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალგაზრდულ პროგრამებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება.
„წელსაც, ტრადიციულად, განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები, ტრადიციულად უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით, საცურაო აუზით; მონაწილეობას მიიღებენ საჯომარდო და სალაშქრო ტურებში.
„აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დღეიდან დაიწყო ვებგვერდზე: https://youthtbilisi.ge/


