2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი – კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი – Norwegian Air Sweden შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან – ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
კოპენჰაგენი – თბილისი – კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ.
avianews.ge


