Trip.com Group-ისა და Google-ის მიერ ერთობლივად მომზადებულმა ახალმა გლობალურმა ანგარიშმა – „რატომ მოგზაურობა?“ (Why Travel?) – აჩვენა, რომ 2026 წელს მოგზაურები ნაკლებად იქნებიან ორიენტირებული კონკრეტულ მიმართულებებზე და უფრო მეტად – ღრმა ემოციურ და კულტურულ კავშირებზე. ანგარიში აანალიზებს ჯავშნების მონაცემებს, საძიებო ტენდენციებსა და მომხმარებელთა განწყობებს.
ექსპერტები გამოყოფენ ხუთ მთავარ ტენდენციას, რომლებიც მსოფლიოში მოგზაურთა ქცევას ჩამოაყალიბებს:
1. მოგზაურობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება
სოციალური მედია სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოგზაურობის დაგეგმვაში, განსაკუთრებით აზიაში. ტაილანდში, ინდონეზიასა და ინდოეთში მომხმარებლების 75%-ზე მეტი უყურებს მოგზაურობისადმი მიძღვნილ პირდაპირ ტრანსლაციებს. ამ მაყურებლების 40%-დან 76%-მდე მზად არის, ბილეთები პირდაპირ დაჯავშნოს სტრიმების დროს მითითებული ბმულებით, რაც სოციალურ კონტენტს შთაგონების წყაროს გარდა, ტრანზაქციის ინსტრუმენტადაც აქცევს.
2. აზრიანი მოგზაურობა (მოგზაურობა მნიშვნელობით)
მოგზაურები ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე მეტს ეძებენ. ცნობისმოყვარეობა და კულტურაში ღრმა ჩაძირვა ზრდის ინტერესს ადგილობრივი რიტუალებისა და მემკვიდრეობის მიმართ. Google იუწყება, რომ „იაპონური ჩაის ცერემონიების“ საძიებო მოთხოვნები წლიური შეფასებით 53%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს ტურისტული შთაბეჭდილებების სიღრმესა და ავთენტურობაზე არსებულ დადებით მოთხოვნას.
3. მოგზაურობა ჯანმრთელობისთვის
„ველნეს“ ტურიზმი აერთიანებს ფიზიკურ აქტივობასა და მდიდრულ დასვენებას. მკვეთრად გაიზარდა ჰიბრიდული განთავსების ვარიანტების ძიება და დაჯავშნა, როგორიცაა „გოლფისა და სპა-კურორტები“ (+300%) და „სათხილამურო კურორტები და სპა“ (+250%), რადგან მომხმარებლები ეძებენ ბალანსს ფიზიკურ დატვირთვასა და სიამოვნებას შორის.
4. მოგზაურობა კომუნიკაციისთვის
უკიდურესად პოპულარული ხდება ჯგუფური მოგზაურობები, „ფან-ტურიზმი“ და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების ერთობლივი მოგზაურობები. მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურთა ორი მესამედი მზად არის, იმოგზაუროს კონცერტებზე დასასწრებად, ხოლო „გამძლეობის ტურიზმი“, რომელიც დაკავშირებულია სირბილთან, ველოსპორტთან და Hyrox-ის ღონისძიებებთან, ხუთჯერ გაიზარდა.
5. მომავლის მოგზაურობა
ხელოვნური ინტელექტი გადამწყვეტი ასისტენტი ხდება მოგზაურობის დაგეგმვისას. საძიებო მოთხოვნები, როგორიცაა „დახმარება მგზავრობის დაგეგმვაში“, წლიური შეფასებით 190%-ით გაიზარდა.
„2026 წლის მოგზაურობა შინაარსით იქნება სავსე. Trip.com Group-ში ვხედავთ, როგორ დაფრინავენ მოგზაურები მთელ მსოფლიოში ფიტნეს-ღონისძიებებზე, აღმოაჩენენ ქალაქებს ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებით და ჯავშნის შესახებ გადაწყვეტილებებს სოციალური მედიის საფუძველზე იღებენ. Google-თან ერთად ჩვენ გამოვავლინეთ კულტურული ცვლილებები, რომლებიც ხსნის არა მხოლოდ იმას, თუ სად მიისწრაფვიან ადამიანები, არამედ იმასაც, თუ რატომ მოგზაურობენ ისინი“, – განაცხადა ჰან ფენგმა, Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა.


