თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში“ გაიმართა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, ხოლო მასპინძელი – „სტანდარტები ტურიზმში“.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში გურიიდან პირველად მონაწილეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: ეკატერინე გუჯაბიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე ჩუბინაშვილი, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი და მერაბ ჩხაიძე, ტურიზმის განყოფილების უფროსი.

კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მასში მონაწილეობდნენ ტურისტული ორგანიზაციებისა და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.
მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე, სტანდარტების კომიტეტის ხელმძღვანელი თეონა ნემსიწვერიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაია ომიაძე.
კონფერენცია რამდენიმე სესიისგან შედგებოდა, პირველ სესიაზე -„მდგრადი დანიშნულების ადგილი“ საქართველოს რეგიონების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია გააკეთა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალი – მრავალფეროვანი ბუნებრივი და კულტურული საგანძური და მისი როლი რეგიონის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.
ეკატერინე გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, ტურიზმის არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ კულტურულ და სოციალურ განვითარებას.
კონფერენციაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასტუმრო და განთავსება, ტურისტული პროდუქტისა და დანიშნულების ჩარჩო, შესავალი მდგრადი ტურიზმი, ქვეყნების ბიზნესებისა და ტუროპერატორების ტურიზმის სტრატეგიების მაგალითები, მდგრადობის სერთიფიცირების სისტემები, GSTC-ის სტანდარტები ტურ-ოპერატორებისათვის და სხვ.
ეკატერინე ჩუბინაშვილის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ცენტრის დირექტორის თქმით, კონფერენცია საინტერესო იყო, გაეცნენ არამარტო წარმატებული ტურისტული ორგანიზაციების მაგალითებს, არამედ ტურიზმის სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მისივე განცხადებით, ლანჩხუთს აქვს ყველა ის რესურსი, რაც მას საინტერესო ტურისტულ მიმართულებად აქცევს. მთავარი გამოწვევა კი ამ რესურსების სწორად გამოყენება და განვითარებაა. ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, სოციალური სტაბილურობისთვის და კულტურული განვითარებისთვის.


