KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის, ეკა თორდიას ინფორმაციით, წალკის რაიონის საზაფხულო შედეგები დადებითი დინამიკის მატარებელია და ტურისტული ობიექტები წლიდან წლამდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც თორდია გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, ტურისტული ობიექტი წლევანდელ სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობდა.
“უცხოელები, ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს ლოკაციას უკვე სტუმრობს. ტურისტული ობიექტი ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს, კერძოდ, წლიდან წლამდე სტუმრების რაოდენობა იზრდება, რაც სხვადასხვა, დამატებითი სივრცის შექმნითაა განპირობებული. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი შუშის ხიდი ტურისტებისთვის სიმბოლოდ იქცა. დამატებით გავხსენით სასტუმროს ტიპის კოტეჯები, სასტუმრო, სხვადასხვა, გასართობი სივრცეები, მათ შორისაა – აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ჯამში ჩვენი სასტუმრო თავისი კოტეჯებით 115 ნომრითაა წარმოდგენილი. წელს სეზონზე სრული დატვირთულობა გვქონდა, ეს ყველაფერი მარკეტინგული კამპანიით იყო განპირობებული. ამასთან, წელს ისრაელიდან სტუმრები ძალიან აქტიურობდნენ”, – აღნიშნავს ეკა თორდია.
KASS GROUP-ის გენერალური დირექტორი კორპორაციული ტურების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მიმართულებით მოთხოვნა დიდია.
“ახლა სეზონი მოდის და კორპორაციული ჯგუფური ტურები გვექნება. რადგან სასტუმროც გავხსენით, უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტურისტულ ჯგუფებთან, ბიზნესს სეგმენტთან და ა.შ. უკვე წამოვიდა მოთხოვნა ობიექტზე სხვადასხვა, კონფერენციები ჩატარდეს”, – აღნიშნავს ეკა თორდია.
კომპანიის გენერალური დირექტორი სამომავლო გეგმებსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მომავალ წელს ატრაქციების პარკის განვითარება იგეგმება.
“მომავალ წელს ატრაქციების პარკის კიდევ უფრო განვითარება გვინდა, სადაც გიგანტური ბატუტების სივრცის მოწყობას ვაპირებთ. გარდა ამისა, გარე აუზზე მოთხოვნა წარმოიშვა და გვექნება. ამასთან, დიდი ჯგუფებისთვის, საქორწინო წვეულებებისთვის დარბაზს ვაშენებთ”, – აცხადებს ეკა თორდია.
ცნობისთვის, წალკის კანიონის დაცული ტერიტორია „ბრილიანტის ხიდით“, ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის KASS GROUP-ს და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა.
ზოგადად, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, რომელსაც ულამაზეს კასკადურ ჩანჩქერებამდე ჩაჰყავხართ, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, „ბაიკ ზიპლაინს“ და გიგანტურ საქანელას, ღია „გარდენსსა“ და დახურულ „დაიმონდ“ რესტორანს, სასტუმროს.
რაც შეეხება ატრაქციონების პარკს – ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ “კარტინგს” უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.
bp.ge