სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში, მთაგორიან, დაუსახლებელ ადგილზე, ზღვის დონიდან 242 მეტრზე მდებარეობს.

მონასტერი შემოქმედის ეპარქიის შემადგენლობაში შედის, რომლის მმართველია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე.

თავდაპირველად, მენელსაცხებლე დედათა მონასტერი ჯიხეთის მთაზე მიუდგომელ ადგილას მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ამ მთაზე, ჯართან ერთად, თამარ მეფე დაბანაკებულა. აქვე შემორჩენილია ტაძრის ნანგრევი, სადაც ამჟამად ხის დიდი ჯვარია აღმართული.

მონასტერს ადგილმდებარეობა უწყლობის გამო შეუცვლია. გადმოცემით, დედებს სამი მტრედისთვის მიუნდვიათ არჩევანის გაკეთება და უფლისთვის ახალი ტაძრის ასაშენებელი ადგილის მინიშნება უთხოვიათ. მტრედები მახლობლად მდებარე მთის ძირში დაფრენილან.

ეს ადგილი თავად მაჭუტაძეს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი ცნობით კი – თავად მშვიდობაძეს, რომელმაც შესწირა კიდეც მონასტერს ჯიხეთის მამული.

მონასტრის ახალი ადგილი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა აკურთხა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძარი 1896 წელს აშენდა ხუროთმოძღვარ ილარიონ მენაბდის ხელმძღვანელობით.

ტაძარი 1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა  დიმიტრი აბაშიძემ აკურთხა. მონასტრის განახლებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მონაზონ ელენე მგალობლიშვილს. სხვადასხვა დროს მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: იღუმენია ანასტასია ლორთქიფანიძე, მონაზონი მარინე გოგეშვილი, მონაზონი ელისაბედ ჯანჯღავა, იღუმენია თეოდორა მორჩილაძე, იღუმენია ანასტასია გოგელია. აქ მოღვაწეობდა ცნობილი მგალობელ-მომღერლის, თავად დათა გუგუნავას ქვრივი, შემდგომში თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია ქეთევან აფაქიძე.

რთული პერიოდი გამოიარეს დედებმა, ყველაზე მძიმე მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს ფიცრებით ხერგავდნენ.

მონასტერში ქალთა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 8-9 წლის გოგონებს წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას ასწავლიდნენ. ამ სკოლის ფოტოსურათი  მონასტრის მუზეუმშია დაცული.

მონასტრის ღვთისმსახურები იყვნენ: დეკანოზი იოანე წეროძე (სამებიდან), მღვდელი ეპიფანე ხონელია, არქიმანდრიტი იოაკიმე შენგელია, არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია, არქიმანდრიტი მელქისედეკ მიქავა, მღვდელი ილარიონ კალანდაძე (ხიდისთავიდან), მღვდელი გიორგი ტუღუში, არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი, მღვდელი დავით შიოლაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი დიმიტრი), მღვდელ-მონაზონი თეოდორე ჩიხლაძე (დახვრიტეს 1984 წელს, კომუნისტური რეჟიმის დროს), არქიმანდრიტი ნიკოლოზ ღლონტი. აქ მოღვაწეობდა და აქვეა დაკრძალული იღუმენი დავით ჯინჭარაძე (ბახვიდან).

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერს ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმიდა ათონის მთის ივერიის მონასტერთან, სადაც ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის საგანგებოდ დაიწერა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი (ჩამობრძანდა 1905 წელს) და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ხატი (1913 წელს).

1988 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია კბილაშვილი, რომლის ღვაწლით გამშვენდა ღვთის სახლი. 1989 წელს აიგო წმიდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესია, 2002 წელს – წმიდა იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების სახელობის ეკლესია. აქვე მოეწყო სანათლავი და განსაბანი ემბაზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება და ნათლობის საიდუმლო აღესრულება. წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. 2004 წელს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ფერადი ქვებით აშენდა ყოველთა წმიდათა მოციქულთა სწორთა სახელობის ეკლესია, ამავე წელს გაიხსნა მუზეუმი, სადაც დაცულია უძველესი სანაწილე ჯვარი, ერეკლე მეფის ლოცვანი და სხვა საეკლესიო ნივთები.

ამჟამად მონასტერში 25 მონაზონი და მორჩილია.

Facebook
Twitter
LinkedIn

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები