Pullman Tbilisi ქვეყანაში MICE ტურიზმის პოტენციალზე

pullman tbilisi

MICE ტურიზმზე მოთხოვნა გაზრდილია, როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო კომპანიების მხრიდან, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან”  Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე აცხადებს.

მისი ინფორმაციით, სეგმენტი საკმაოდ ფართოა და მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის ფარმაცევტულ, ფინანსურ და თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიებს.

რაც შეეხება ქვეყნებს, მოთხოვნა უმეტესად თურქეთიდან, გალფის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ფიქსირდება.

თათია ჩიკვაიძის შეფასებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით, საკმაოდ მზარდი ბიზნესია.  საქართველოს კი, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა არის გარკვეული გამოწვევებიც, რაც ქვეყანაში  MICE ტურიზმის განვითარებას აფერხებს.

‘’MICE ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზეა ქვეყანაში, თუმცა განვითარების მეტი შესაძლებლობებია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ამისთვის საჭიროა უფრო აქტიური საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები და პირდაპირი ფრენების გაზრდა, ამავდროულად თბილისში  დიდი საკონფერენციო სივრცეების სიმცირეა, სადაც დიდი კონგრესების ჩატარება იქნება შესაძლებელი.  

Pullman Tbilisi-ს საკონფერენციო სივრცეები თბილისში სიდიდით მეორეა. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომ გასვლითი კონფერენციები და ღონისძიებები მოვიზიდოთ“, – აცხადებს თათია ჩიკვაიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმროს ვიზიტორების  უმეტესობას  უცხოელი ტურისტები მეზობელი და გალფის ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან და კორეიდან შეადგენენ. როგორც ჩიკვაიძე აცხადებს, ამ ეტაპზე შემცირებულია მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდან. 

რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, მოთხოვნა მზარდია. კერძოდ, მიმდინარე თვეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Pullman Tbilisi-ს დატვირთულობა 24%-ით გაიზარდა და დაახლოებით 65%-ს შეადგენს.

როგორც Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, მიმდინარე წელს სასტუმრო მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს როგორც გართობა-დასვენების კუთხით, ასევე რამდენიმე ეკომეგობრულ პროექტს განახორციელებს.

Pullman Tbilisi საკმაოდ აქტიურად არის ჩართული Accor Group-ის ყოვლისმომცველი მდგრადობის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს გარემოზე სასტუმროების ზემოქმედების შემცირებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ასევე იგეგმება სასტუმროს ტერიტორიაზე ელექტრო ავტომობილების დამტენი მოწყობილობების ინსტალაცია, რაც შესაძლებელს გახდის სტუმრების ელექტრო მანქანებით მომსახურებას. სასტუმროს მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროექტზე, თუ როგორ შეამციროს საკვების ნარჩენები და მოვახდინოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სორტირება.

Pullman Tbilisi-ში არსებული ფრანგული რესტორანი Dumas-ი და თბილისში ყველაზე მაღალი სქაი ბარი Weather Report-ი საკმაოდ აქტიურად ატარებენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და მუსიკალურ საღამოებს, რა მხრივაც მომხმარებლებისთვის წელსაც საინტერესო გეგმის შეთავაზება იგეგმება.

ცნობისთვის, Pullman Tbilisi Axis Towers 2022 წლის ივნისში გაიხსნა. Axis Towers-ის შუშის კოშკში განთავსებული Pullman Tbilisi უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ძირითადად ბიზნეს ტურისტებზეა გათვლილი.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები