ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ტურისტული ობიექტი “ქულბაქის მწვანე ტბა“ მომავალი წლიდან გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა გასვიანი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, პროექტი ითვალისწინებს მცირე სასტუმროს, მარნის და რამდენიმე კოტეჯის მშენებლობას. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით $250 000 -ია.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ გაფართოების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო. ამ ეტაპზე ობიექტი ორი კოტეჯით და მცირე სასტუმროთი არის წარმოდგენილი, რომელიც გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახალი სასტუმრო დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ცალკე აშენდება.
კომპანია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – როგორც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებიდან, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მასპინძლობს. დამსვენებლების 50% ადგილობრივ ტურისტებზე მოდის.
რაც შეეხება სერვისს, კახა გასვიანის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანია და დამსვენებლებს შესაძლებლობას აძლევს, თევზჭერაში მიიღონ მონაწილეობა, სურვილის შემთხვევაში, თვითონ შეწვან თევზი, ნავით ან ეტლით გაისეირნონ, ჩაერთონ ცხენების ტურში, დაათვალიერონ ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობები და სხვა.
გასულ წელს ობიექტის დატვირთულობა 90% იყო. მიმდინარე წლის მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
“ტურისტულ სეგმენტში საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი. მოთხოვნა იზრდება და გვჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა. სამომავლოდ მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმრო და კოტეჯები გვინდა დავამატოთ. გვექნება ასევე მარანი, რაზეც მუშაობა წელსვე დავიწყეთ. წელს წვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დავკავდებით, მომავალ წელს კი განთავსების ობიექტებს დავამატებთ და მარნის მშენებლობას დავასრულებთ“, – აცხადებს კახა გასვიანი.
ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ყველა პირობაა, სოფელი ქულბაქი და ზოგადად ლეჩხუმი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი გახდეს.
“წინა წლებში ძალიან გვიჭირდა ტურისტების მომსახურება, რადგან გზა არ იყო. წელს ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებულია, ამიტომ მეტ ინტერესს ველოდებით. ვფიქრობთ, მკვეთრი ზრდა გვექნება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ვარაუდი ჯერ ადრეა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ლეჩხუმის პოტენციალი სწორად წარმოვაჩინოთ. ტურისტულად იგი აქამდე ერთ-ერთი მივიწყებული კუთხე იყო. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ‘’ქულბაქის მწვანე ტბების“ დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრმა ადამიანმა გაიცნო. ხვამლის მთა, ისტორიული ციხეები, ტაძრები, არაჩვეულებრივი ბუნება, ჩანჩქერები, აქ ყველაფერია, რაც ტურისტს იზიდავს“, – განმარტავს კახა გასვიანი.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც შეიძლება ტურისტული ობიექტის საქმიანობისთვის ხელშემშლელი იყოს, კადრების დეფიციტია, რის საჭიროებაც უფრო გამოიკვეთება სამომავლოდ, როცა ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი ‘’ქულბაქის მწვანე ტბა“ ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე მდებარეობს. ‘’ლეჩხუმის ოაზისად’’ წოდებული ადგილი ვიზიტორებს 2007 წლიდან მასპინძლობს.
bp.ge