ვინ იქნება ახალი აეროპორტის მმართველი?

axali aeroporti

“საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული, რა თქმა უნდა იმ ამბიციიდან გამომდინარე, რაც  საქართველოს ახალი აეროპორტის მიმართ გააჩნია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  მარიამ ქვრივიშვილმა ‘’ბიზნესპარტნიორთან“, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

სავარაუდოდ  ვინ იქნება ახალი აეროპორტის მმართველი – ქართული თუ უცხოური კომპანია, ქვრივიშვილმა ჯერჯერობით ვერ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ  დიდი ინტერესია წამყვანი, მსოფლიოში მოწინავე  ოპერატორი კომპანიების  მხრიდან, რომ ჩაერთონ აღნიშნული პროექტის დაგეგმარებასა და შემდეგ ოპერირებაში.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჰყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე  კადრი და დიდი  იმედი გვაქვს, ეს იქნება  გამწევი ძალა,  ვისაც ჩვენ წარმოვიდგენთ ვაზიანის აეროპორტში. მეორე მხრივ, ვინ იქნება ახალი აეროპორტის ოპერატორი, ამაზე  საუბარი ნაადრევია,  თუმცა  წამყვანი, მსოფლიოში მოწინავე  ოპერატორი კომპანიების  მხრიდან დიდი ინტერესია. გვაქვს იმის ფუფუნება, ვაკეთოთ საფუძვლიანი კვლევები და სიღრმისეულად შევხედოთ, ვინ შეიძლება იყოს  ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საიმედო პარტნიორი.რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება“, – აცხადებს ქვრივიშვილი. 

რაც შეეხება მშენებლობის დაწყებას, მისი ინფორმაციით, როცა პოზიციები შეჯერდება, კომპანიები შეირჩევიან. მისი შეფასებით, ქვეყანას აქვს ამბიცია საავიაციო ინდუსტრიაში ჰაბის როლი შეასრულოს.

‘’ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს იმის რესურსი, რათა საეროპორტო მიმართულებით სრულფასოვანი ლოგისტიკური  ქვეყანა გავხდეთ. მეორე მხრივ, ვაზიანი ტერიტორია გვაძლევს შეუზღუდავ შესაძლებლობას, რომ გავაფართოოთ ტერმინალი და მოვემსახუროთ არა მხოლოდ 19 მლნ მგზავრს წელიწადში, არამედ  ასევე ხელი შევუწყოთ  მცირე და საშუალო მეწარმეებს, განავითარონ საჰაერო ტვირთები, ლოგისტიკური ცენტრები, კარგო ტერმინალები, ისევე, როგორც ‘’ქეითერინგი“ და სხვა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის სამუშაო ადგილებს.

მესამე და მნიშვნელოვანია პირდაპირი საჰაერო ფრენების მოზიდვა და გამტარუნარიანობა, ვინაიდან მეტი ფრენა მეტი სიხშირით ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, რათა  ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. ეს უნდა იყოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საწინდარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა  საბჭოს ფორმატით მიიღო“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა,  პროექტის ფარგლებში არაერთი კვლევაა ჩატარებული,  თუ რა გავლენას იქონიებს ახალი აეროპორტი ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკის, ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაზე,

”გენგეგმის პარალელურად, დავიწყებთ მუშაობას, რომ გვქონდეს სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ  ჩვენი ახალი აეროპორტი იყოს ერთ-ერთი ფუნქციური, გამორჩეული აეროპორტი მსოფლიოში და ჰქონდეს  ყველა ისეთი მომსახურება და სერვისი, რად დღევანდელი და მომავალი  ტურისტის და მოგზაურის  ინტერესებს პასუხობს. ამასთან,  ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომ გვქონდეს  საინჟინრო დოკუმენტები და გადაწყვეტები. ყველა  მოსამზადებელი სამუშაო დასრულდეს 2026 წელს, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ უნდა  შეძლოს პროექტის ტექნიკური აღსრულება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება.

პრემიერის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობა იძლევა 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები