კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორმა და “საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა შავ ზღვაში წყალქვეშა მუზეუმის პროექტის განხორციელება დაიწყო. მან წყალ ქვეშ ღვინის კონტეინერებთან ერთად პიანინო განათავსა.
როგორც დავით ნიკოლეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პიანინო წყალქვეშ მსოფლიოში როგორც ცნობილია ჯერ არავის ჩაუტანია.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ტურით დაინტერესებულებს წყალქვეშ ღვინის ყიდვა, სიღრმეებში სხვადასხვა დიდი თევზების ნახვა და სარფის ულამაზეს კლდოვან ლანდშაფტებში ყვინთაობა შეუძლიათ.
„პიანინო ტურისტებისთვის განვათავსეთ, რომ უფრო საინტერესო გახდეს და მხოლოდ ღვინის კონტეინერები არ დახვდეთ წყალ ქვეშ. მოთხოვნა ზაფხულში ძალიან დიდია, იმიტომ, რომ ტურისტებს ასეთი სახის პროგრამას შავი ზღვის არც ერთ ქვეყანაში არავინ არ სთავაზობს. ტური 200-250 ლარი ღირს, გააჩნია საყვინთაოდ, რომელ სანაოსნო საშუალებას აირჩევენ. ასევე გვაქვს სპეციალური გასტრონომიული დაივინგ ტური, რომლის დროს წყლის ქვეშ შეუძლიათ შეაგროვონ მიდიები ან სხვა სახეობის მოლუსკები და სარფი-კვარიათში მდებარე კაფეებში დაამზადებინონ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ნიკოლეიშვილი უკვე წლებია შავ ზღვაში ღვინოს აძველებს და შემდეგ აუქციონზე ყიდის. იდეის ავტორმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი და საქმიანობა წყალქვეშა მეღვინეობის განვითარებაა. დავით ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა მიმართულებების განვითარებისთვის სხვადასხვა უწყების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.