სოხუმის დრამატული თეატრი – მიმდინარე რეპერტუარი

martorqebi

თბილისში, დიმიტრი უზნაძის N68 ის ადგილია, სადაც სოხუმის დრამატული თეატრი მაყურებელს მასპინძლობს. თეატრის 137-ე სეზონზე, უფრო ზუსტად კი ამ ეტაპზე, რეპერტუარში 4 სპექტაკლია: „მარტორქები“, „ვაჟიშვილი“, „სტუმარი“ და „ვთამაშობთ კაბუკის“.

„მარტორქები“

„მარტორქები“ თეატრის განვითარების ფონდისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი, ორ მოქმედებიანი სპექტაკლია, რომლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ზურაბ ყიფშიძე, ვანო თარხნიშვილი, ქეთი ასათიანი, ნინო შავგულიძე, ნიკოლოზ წერედიანი,  ბადრი ბეგალიშვილი, ედემი ხვიჩია, დავით ბერაძე, ვერიკო კალანდია, ნანუკა ლითანიშვილი, ნანა შონია, თემო ნატროშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, სანათა ძაძამია, გიორგი გოგიშვილი და ბექა ქავთარაძე.

შეიძლება ითქვას, რომ აბსურდის დრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის ეჟენ იონესკოს „მარტორქები“ ადამიანის ღირსების ჰიმნია.  II მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი ნაწარმოები, ყველა იმ „იზმები“-ს წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლებიც  ადამიანურ გრძნობებზე მაღლა დგება. სპექტაკლი „არას“ თქმის უნარს ეხება, რის გამოც პიროვნება შეიძლება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში სულ მარტოც დარჩეს – რაც ძალიან რთულია, თუმცა ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ინდივიდები, რომლებსაც არ სურთ კოლექტიურ სიტყვებსა, „საყოველთაო“ აზრებში გაერთიანება და თავის პრინციპების ერთგულნი რჩებიან.

„ვაჟიშვილი“

17 წლის ნიკოლა მოულოდნელად შეიცვალა. მხიარული და მუდამ ღიმილიანი ბავშვი მოღუშულ, ფეთქებად მოზარდად იქცა. ზნეშეცვლილი შვილის გამო, დედა ძალიან ღელავს, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს. ნიკოლა გადაწყვეტს, საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს, რომელსაც ახალი ოჯახი ჰყავს. მამაკაცი ცდილობს შვილს გვერდში დაუდგეს, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს, მაგრამ…

თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზერელის პიესა ძველსა და ახალ თაობათა შორის ურთიერთობაზეა, ასევე ისეთ ოჯახები მცხოვრები ბავშვებისა ყოფასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, სადაც დედ-მამა ცალ-ცალკე ცხოვრობს. რა უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მშობლებსა და შვილებს შორის განსხვავებული ხედვები დავაბალანსოთ, ორ თაობას შორის წყვეტა რომ არ მოხდეს და შვილებმა დედ-მამის მხრიდან ყურადღების დეფიციტი არ იგრძნონ – სწორედ ეს თემებია წამოჭრილი მსახიობისა და რეჟისორის მერაბ ყოლბაიას სპექტაკლში „ვაჟიშვილი“. ერთმოქმედებიან დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: ეკატერინე არჩაია, ჯანო იზორია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია და ნიკა ჭკადუა.

„სტუმარი“

დეტექტიური ჟანრის მოყვარულთ, სოხუმის თეატრის სპექტაკლი ,„სტუმარი“ დააინტერესებთ. წარმოდგენა ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ განახორციელა, ხოლო გადმოქართულებული ვერსიის ავტორი ლაშა იმედაშვილია.

ერთმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი და ნათია ბუნტური.

ინგლისელი მწერლის ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკად ქცეული ნაწარმოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა. არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. რაც ალბათ, იმან განაპირობა, რომ პიესაში დასმული პრობლემები, გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. სოხუმის თეატრის ვერსიაში კი, პიესის მოქმედების დრო და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდშია გადატანილი და ამ გზით სპექტაკლის ავტორები შეეცადნენ ინგლისში მომხდარი ამბავი, ქართველი მაყურებლისთვის უფრო  „ახლობელი“ გამხდარიყო.

როგორც სოხუმის თეატრის ამ სპექტაკლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „პიესაში დასმულ პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის კი არა, არამედ შეიძლება ითქვას – ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ რეალობაშიც მრავლადაა“…

„ვთამაშობთ კაბუკის“

ტრადიციული იაპონური თეატრ „კაბუკის“ პიესა „აბრეშუმის ფარანი“ მისტიკური კომედიაა მარადიული სიყვარულის, კარმისა და ბედის ძალების შესახებ. პოეტური ენით დაწერილი პიესის ავტორი უცნობია და ის ახალგაზრდა სამურაისა და ოდესღაც მცხოვრები ქალის აჩრდილის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. მეგობრები სამურაის აფრთხილებენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და გოგონასთან  შეხვედრებს წერტილი უნდა დაუსვას, მაგრამ მასში რაციონალურ აზროვნებაზე ძლიერი – ლტოლვა და გრძნობა აღმოჩნდება. სიყვარულით მოცული ბიჭი ქალის აჩრდილთან  სქესობრივ კავშირს ამყარებს, რაც მისთვის საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდება…

რეჟისორ დავით პაპავას ამ ნამუშევარს, მაყურებელი აფასებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანახაობას. ერთმოქმედებიან მისტიკურ კომედიაში 11 ქალი მსახიობი მონაწილეობს: ნანკა გვარიშვილი, სანათა ძაძამია, მარიამ სარდანაშვილი, ქრისტინე ჩხიკვაძე, ეკატერინე არჩაია, მარინა სოლომონია, ჯულიეტა პაკელიანი, ვერიკო კალანდია, ლონდა კაცია, ნინო პაპავა და მილენა აჟიბა.

მიმდინარე აფიშის და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ:

თეატრის Facebook გვერდი:

www.facebook.com/SokhumiTheatre

თეატრის Instagram გვერდი:

www.instagram.com/sokhumi_theatre

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE – ზე

https://tkt.ge/show/11313/vazhishvili
Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები