1 მაისს, ზუსტად 6 წელი შესრულდა თამბაქოს შესახებ კანონის ამოქმედებიდან. სპეციალისტების თქმით, კანონი საქართველოში მაღალი ეფექტიანი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ: 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.
კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო. შედეგად, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა სკვერებსა და პარკებში, დაწესებულებებში, კაფეებსა და რესტორნებში. მოგვიანებით აკრძალვა გავრცელდა სტადიონებსა და ტაქსებში.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის შეფასებით, რეგულაციების ამოქმედების შედეგად, მოზარდებში პასიური მწეველობის ზეგავლენა შემცირდა, მათმა ნაწილმა მოწევას თავი დაანება, ბევრმა მათგანმა კი დანებების სურვილი დააფიქსირა.
რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება.
ალიანსის მონაცემებით, ე.წ. სამასპინძლო დაწესებულებებში თამბაქოს კვამლის გაქრობის პირდაპირპროპორციულად იმატა სტუმრებმა და არ გამართლდა თამბაქოს ინდუსტრიის მომხრე ექსპერტების „შიში“, თითქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა ბიზნესს დააქცევდა.
“არც თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამის აკრძალვამ დაასამარა სარეკლამო ბიზნესი, ბილბორდები სხვა ბიზნესის რეკლამამ ჩაანაცვლა,“ – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში. ამასთან, მათივე შეფასებით, რამდენადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები შედეგიანია, იმდენად აქტიურობს თამბაქოს ინდუსტრია პოზიციების აღდგენის, შენარჩუნების, ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნის და გამრავლების მიზნით.
„თამბაქოს მწარმოებლები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აცხადებენ, რომ სიგარეტი მართლაც კლავს და თუ მოწევა გსურთ, ელექტრონულ და გასახურებელ სიგარეტს მიეძალეთო, რომელიც მათი თქმით, მოწევის ჯანსაღი ალტერნატივაა. მოწევის ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივა კი, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებაზე სრულად უარის თქმაა, რისთვისაც სახელმწიფო სხვადასხვა სერვისებსა და პროგრამებს სთავაზობს მოწევაზე თავის დანებების მსურველთ“, – აცხადებენ ალიანსში.
ჯანმოს მონაცემებით, 2022 წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ გლობალურად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები თანდათანობით მცირდება. მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანიდან 1 მოიხმარს თამბაქოს, 2000 წელს ეს მაჩვენებელი 3-დან 1 იყო.
ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, მეტი ძალისხმევა ჩადონ თამბაქოს კონტროლში, რადგან ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან თამბაქოს ინდუსტრია აქტიურობს.
კვლევები აჩვენებს, რომ უმეტეს ქვეყნებში 13-15 წლის ბავშვები თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს იყენებენ.