2024 წელს საქართველოს აერპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული
მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG)
გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2024 წელი საქართველოს
აეროპორტებისთვის ისტორიული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399
მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა.
წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის
რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი –
5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).
,,2024 წელი ქართული ავიაციისთვის და საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებისთვის ისტორიული წელი იყო. ჩვენ შევძელით და 7 მილიონ 400 ათასზე
მეტ მგზავრს მოვემსახურეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც წინა წელთან
შედარებით 24 %-იან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და 2024 წელს
წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები 10 ავიაკომპანიასთან 13 ახალი
მიმართულებით. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ველოდებით კიდევ უფრო მეტ
მგზავრთნაკადს და კიდევ უფრო მეტ მიმართულებას,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, 2024 წელს,
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში – 4,750,830
მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715
რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით
გაიზარდა. (2023 წელი – 3,693,942 მგზავრი, 17,456 – რეისი).
რაც შეეხება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2024 წელს დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078
რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების
რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის
სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს
მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა
კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი – 621,506 მგზავრი, 3,110 -რეისი).
2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი –
‘’British Airways” შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ,,easyJet”-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს
ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის
მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-
თბილისი-ციურიხის მიმართულებით ,,Edelweiss” იფრენს. საქართველოს აეროპორტების
გაერთიანება აგრძელებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ქვეყნის სამივე
საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი
ავიამიმართულებების დაწყების მიზნით.