უკვე იმოგზაურე სამხრეთის სიმშვიდეში და ევროპაც მოინახულე?
გგონია, რომ აღარაფერი გაგაკვირვებს და ყველა ემოციური ადგილი უკვე მოიარე?
მაშინ ჩრდილოეთის ევროპული სილამაზე სწორედ ისაა, რაც შენ გაკლია.
რიგა – ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ბევრისთვის აღმოსაჩენია.
სისუფთავე, სილამაზე და ავთენტურობა, რაც მხოლოდ აქ, მოგზაურობისას გელოდება.
არც მის ხმაურიან ქუჩებში დაიკარგები და არც მის მშვიდ ლანდშაფტებში მიწყენ.
აქ დრო სხვაგვარად მიედინება…
ლატვიის დედაქალაქში, გეოგრაფიის დოქტორი და მოგზაური, გიორგი დვალაშვილი გვამოგზაურებს..

-ჩემი დაკვირვებით, ქართველების უმეტესობა სამოგზაურო მიმართულებას ძირითადად რეკომენდაციებისა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე ირჩევს. სწორედ ამიტომ პოპულარულია ისეთი ადგილები, როგორიცაა თურქეთში მდებარე ტაო-კლარჯეთი ან კაპადოკია. თუნდაც ათენი – ქალაქი, რომლის მიმართაც მზარდი ინტერესი შეინიშნება. თუნდაც საბერძნეთი ავიღოთ. ათენი ქართველ ტურისტებში პოპულარულია არა მხოლოდ თავისი ღირსშესანიშნაობების გამო, არამედ ისტორიული კავშირის გამო, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ყოველთვის არსებობდა.
– რატომ გადაწყვიტეთ რიგაში გამგზავრება? რა დაგხვდათ იქ და როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
-რიგა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მონახულებადი ქალაქია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ჩვენს მოგზაურობამდე უკვე გვქონდა გარკვეული მოლოდინი, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი – ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს გამორჩეულ ევროპულ ქალაქს.
ქალაქს შესანიშნავი ურბანული განლაგება აქვს, სუფთა და სტრუქტურირებული სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთით მდებარეობს და შედარებით ცივია, ეს სიცივე თავისებურ ხიბლს სძენს.
– რაიმე მოულოდნელი გარემოება დაგამახსოვრდათ?
-როცა გავფრინდით, ქუთაისშიც კი უფრო ციოდა, ვიდრე რიგაში, რაც თავისთავად საინტერესო პარალელია. ასეთი დეტალები ჯამში კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ მიმართულებას.
– და თავად მგზავრობა? რამდენად მოსახერხებელი იყო რიგაში ფრენა?
ერთადერთი სირთულე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენაა. უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის გამო იძულებული ხარ ჯერ ცენტრალურ ევროპის ცაში მოხვდე და შემდეგ ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი. ეს მგზავრობას არა მხოლოდ დროში აჭიანურებს, არამედ ფასსაც ზრდის – რიგაში ფრენა ხშირად უფრო ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, კვიპროსში.
– მიუხედავად ამისა, მაინც ფიქრობთ, რომ ღირს?
უეჭველად. განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე – საახალწლოდ ან იანვარ-თებერვალში ბილეთების ფასები იკლებს. თუ გაგიმართლა და იაფად შეიძინე, ნამდვილად ღირს.

– როგორია რიგაში გადაადგილება და ცხოვრების პირობები?
-გადაადგილება ძალიან მარტივია – აეროპორტიდან სულ რაღაც ნახევარ საათში ხარ ქალაქის ცენტრში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად მუშაობს და ხშირი გრაფიკით მოძრაობს, რაც ქალაქში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
სასტუმროების დიდი არჩევანი არ არის, თუმცა არსებული ვარიანტები ჩვენს ბიუჯეტსა და ინტერესებზე კარგად იყო მორგებული.
📍 ევროპული მემკვიდრეობა და არქეოლოგიური მოლოდინები
ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა ევროპული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით. თუმცა ზოგჯერ ტურისტულმა ჯგუფებმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც ნამყოფი იყვნენ ათენში, რიგაში დააკლდათ არქეოლოგიური ფაქტები. ბუნებრივია, რომ რიგაში ვერ იქნება ის მასშტაბი და არქეოლოგიური ფენები, რაც ათენში, ევროპაში ან საქართველოში გვხვდება. როდესაც ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანაში კაცობრიობა იქ უკვე ვითარდებოდა, რიგის მიმდებარე ტერიტორია ჯერ კიდევ დაჭაობებული იყო და დასახლებებიც არ იყო.
🧊 ბუნებრივი პირობები და დასახლების შეუძლებლობა
მაშინ, როცა საქართველოს მღვიმეებში ადამიანები ძაფს ქმნიდნენ და ცხოვრობდნენ, აქ მყინვარები ან მყინვარის მიმდებარე ტერიტორიები იყო. ბუნებრივი პირობები არ იძლეოდა საშუალებას, რომ ამ ადგილებში ადრეულ პერიოდში დასახლებულიყვნენ ადამიანები. ეს გეოგრაფიულ-კლიმატური განსხვავებები დღესაც იგრძნობა რეგიონის კულტურულ ფენებზე.
🕰️ რიგის დაარსება და XII საუკუნის საქართველო
რიგის დაარსება სწორედ იმ დროს ემთხვევა, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხანა იყო — XII საუკუნე, თამარ მეფის პერიოდი. საქართველო იმ დროს უკვე სახელმწიფოებრივი, კულტურული და სულიერი აღმავლობის გზაზე იდგა, მაშინ როცა რიგა მხოლოდ ფუნქციონირებას იწყებდა.
ლატვიელების დამოუკიდებლად არსებობა არასდროს ყოფილა მხოლოდ მათ ხელში. ამ ტერიტორიას ხშირად იკავებდნენ სხვა სახელმწიფოები — გერმანელები, ხან შვედები, შემდეგ კი რუსეთის იმპერია. ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ლატვიის ისტორია გამუდმებულ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული.
🕍 გეტოს მუზეუმი – მტკივნეული მეხსიერება

რიგაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობაა გეტოს მუზეუმი, რომელიც გერმანიის ოკუპაციის პერიოდს ასახავს. აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ ტყვეები, აცხოვრებდნენ გაუსაძლის პირობებში და ხშირად სიკვდილითაც სჯიდნენ. იმ პერიოდში, მეოცე საუკუნის შუა ხანებში, რიგაში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ეს მემორიალი დღესაც ძვალსა და რბილში ატარებს იმ დროის ტკივილს.
გეტოს მუზეუმი მდებარეობს ყოფილი გეტოს ტერიტორიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები მკაცრ პირობებში ცხოვრობდნენ. მუზეუმში წარმოდგენილია დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომლებიც ასახავს იმ პერიოდის მოვლენებს. მისი მიზანია არა მხოლოდ ჰოლოკოსტის ისტორიას აცნობოს საზოგადოებას, არამედ პატივი მიაგოს იმ მსხვერპლებს, რომლებიც ამ ტრაგედიაში დაიღუპნენ. მუზეუმი ასევე წარმოადგენს საგანმანათლებლო ცენტრს, რომელიც ეხმარება საზოგადოებას ისტორიის სწავლის პროცესში.
ავტორი: შორენა მერკვილაძე